კლინიკაში დაიღუპა კაცი, რომელიც დღეს გორში დაჭრეს

პუბლიკა

გორში, სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მეორე პირიც დაიღუპა. ინფორმაცია „პუბლიკას“ კლინიკა „გორმედში“ დაუდასტურეს.

შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში დღეს დილით მოხდა. დაღუპულია მამა-შვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს.

„რამდენიმე გასროლის ხმა გავიგე, გავიქეცით, ეს კაცი უკვე ძირს იწვა, მამა. მამა-შვილს ესროლესო როგორც გავიგე. ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა, სამწუხაროდ, მამა ძალიან მძიმედ იყო. […] როგორც ვიცი, დაპირისპირება მოუვიდათ ბიზნესიდან გამომდინარე. თანამშრომლები იყვნენ, სავაჭრო სივრცეში ვაჭრობდნენ“, – ამბობს ადგილობრივი „ტვ პირველთან“.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.