კობახიძე „იმედოვნებს", რომ რუსულ კანონზე სტრასბურგი „პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა"

პუბლიკა

საქართველოში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. ამასთან, მათივე თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო კანონს არ გააუქმებს, შესაბამისი მოთხოვნით მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

მათ მეტ დეტალზე არ უსაუბრიათ, მაგრამ, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მოითხოვონ როგორც კანონის გაუქმება, ისე დროებითი ზომის დაწესება და კანონის მოქმედების შეჩერება ECHR-ის საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

ორგანიზაციების ამ განცხადებამდე სტრასბურგის სასამართლოს შესახებ კომენტარი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი მტკიცებით, მმართველმა გუნდმა რუსული კანონის „ინიციირებამდე შეისწავლა სტრასბურგის პრაქტიკა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თავიდან ბოლომდე შეესატყვისება სტრასბურგის პრაქტიკას”.

კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გაიზიარებს თუ არა ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალობის კანონს ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ, ხოლო ევროპული სასამართლო კანონის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს.

პასუხად კობახიძემ „რუსთავი 2-ის” საქმე ახსენა და თქვა, რომ მაშინ სტრასბურგმა გადაწყვეტილება „პოლიტიკური გავლენის ქვეშ მიიღო”.

„იმედია, ასეთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა სტრასბურგის სასამართლო და შესაბამისად, ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში“. – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

2016 წლის 10 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საკუთრებაზე მფლობელების დავაში გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო. საჯარო რეესტრში შესაბამისი გადაწყვეტილების დარეგისტრირების შემდეგ ტელევიზია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში უნდა გადასულიყო. თუმცა, 2017 წლის 3 მარტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 18 ივლისს გამოიტანა და  „რუსთავი 2″-ის საქმეზე დარღვევები არ დაადგინა, მათ შორის, არც სამართლიანი სასამართლოს ნაწილში.

ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა უნგრეთის შემთხვევაზე – უნგრეთში ანალოგიური კანონი 2017 წელს უნგრეთში მიიღეს, თუმცა, ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებების შემდეგ მისი გაუქმება მოუწიათ.

უნგრეთში „უცხოური აგენტების კანონის” მიღების შემდეგ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს განმარტებით ე.წ. უცხოური აგენტების კანონი (უნგრეთის) არღვევს ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 63-ე მუხლს (კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა) და ძირითადი უფლებების შესახებ ევროპის კავშირის ქარტიის მე-12 მუხლს (გაერთიანების თავისუფლება).

ECJ-ს გადაწყვეტილებამ და მის აღსასრულებლად ევროკომისიის მიერ დაწყებულმა დარღვევის პროცედურამ აიძულა უნგრეთი, გაეუქმებინა არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო რეგისტრაცია და მათთვის ამგვარი იარლიყის მინიჭება.

ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით ე.წ. უცხოური აგენტების კანონი (რუსეთის ფედერაციის) არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, რომელიც იცავს გაერთიანების თავისუფლებას. ევროპულმა სასამართლოებმა განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნიეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის „უცხოეთის აგენტის” იარლიყის მინიჭებისა და მათი რეგისტრაციის სავალდებულოობა.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უნგრეთში კანონის გაუქმების „მიზეზი იყო აბსოლუტურად სხვა და მათ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით დააინიციირეს ჩვენი კანონპროექტი იმ ფორმით, როგორი ფორმითაც დააინიციირეს”.