კობახიძე: ვარდების რევოლუციის 20 წლისთავის აღნიშვნა თავხედობაა და მეტი არაფერი

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვარდების რევოლუციამ ქვეყანას „ადამიანების წამება მოუტანა და რევოლუციის 20 წლისთავის აღნიშვნას თავხედობა უწოდა”.

„ვარდების რევოლუციამ ამ ქვეყანას მოუტანა ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა, შესაბამისად, მათი მხრიდან ვარდების რევოლუციის 20 წლის თავის აღნიშვნა არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი, დანარჩენი უკვე ჩემი საქმე არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


2003 წლის ნოემბერში საქართველოში არჩევნების გაყალბების შემდეგ მშვიდობიან სახალხო დემონსტრაციებს 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა.

ვარდების რევოლუციამ საქართველოში შეცვალა შევარდნაძისა და მისი გუნდის 11-წლიანი მმართველობა და ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა.

შედეგად შეიქმნა საპატრულო პოლიცია, აღმოიფხვრა ელექტროენერგიის პრობლემა, შეიქმნა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მოხდა ქვეყნის მოდერნიზაცია.