ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა, „ხელისუფლებას მართვის სისტემაში დაგროვილი პრობლემების აღმოსაფხვრელად წელიწადი და ხუთი თვე დასჭირდა“. კობახიძის თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობითა და მითითებებით გააკეთა.
კობახიძემ ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
კერძოდ, ირაკლი კობახიძეს „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა ირაკლი ღარიბაშვილის წერილთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და ქართული ოცნებისთვის მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს”.
კობახიძის თქმით, „ივანიშვილმა კორუფციასთან დაკავშირებით მკაფიო მინიშნება „ქართული ოცნების“ პარტიის ყრილობაზე გააკეთა, რის შემდეგაც საკითხი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა“.
„მე უბრალოდ ხაზს ვუსვამ იმას, თუ ვინ იყო მთავარი მინიშნების ავტორი – პარტიის ყრილობაზე გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მან გააკეთა ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება, რაც უკავშირდებოდა კორუფციას. ერთ თვეში მე დავიკავე პრემიერის თანამდებობა და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა მოახერხა სისტემა პრინციპულად გაეთავისუფლებინა. თუმცა არათუ პარლამენტიდან, მთავრობის მეთაურის პოზიციიდანაც კი, წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ სისტემა მთლიანად გაგვეთავისუფლებინა პრინციპული პრობლემებისგან“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც 5-წლიან სასჯელს იხდის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, 2026 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ციხიდან რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა. ღარიბაშვილმა მიუთითა, რომ მასზე ზეწოლა გრძელდება.
ყოფილი პრემიერი და „ქართული ოცნების“ ლიდერი თავს პოლიტიკურ ანგარიშსწორების მსხვერპლად მიიჩნევს და ფიქორბს, რომ მისი ხუთწლიანი პატიმრობა გამოწვეულია არა რეალური დანაშაულით, არამედ „გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის“ მიერ შექმნილი ეჭვებით, შიშებითა და შურით. ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ მასსა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
თავის პირველ წერილებში ღარიბაშვილმა თქვა, რომ მისგან კორუფციული ბრალის აღიარებას ითხოვენ. მისი თქმით, მას მამუკა მდინარაძემ შეუგზავნა წერილი შეთავაზებით, რომლის მიხედვითაც „უნდა ეღიარებინა მისთვის უცნობი კორუფციული ბრალი“. სანაცვლოდ მოთხოვნა იყო, რომ პოლიტიკას საბოლოოდ ჩამოშორებოდა.
რამდენიმე დღეში, 24 აგვისტოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი წარუდგინა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. მუხლი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხოლო 27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ, რომელიც რეგიონული განვითარების მინისტრი უნდა გამხდარიყო და აქტიურად დადიოდა რეგიონებში, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.