კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობიდან" გამოჟონილ“ ინფორმაციაზე მორიგი ბრიფინგი გამართა

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკი კობახიძემ მორიგი ბრიფინგი გამართა, სადაც ოპოზიციის მხრიდან სავარაუდო წინასაარჩევნო პროვოკაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის უპრეცედენტოდ მშვიდობიანი და მშვიდი, არ დაფიქსირებულა რაიმე სერიოზული საარჩევნო დარღვევა და არცერთი მსუბუქი ძალადობრივი ინცინდენტიც კი. როგოც კობახიძე აღნიშნავს, სწორედ  ეს აშფოთებს იმ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიებს, რომლებიც სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებითა და წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებით.

„სწორედ ამ შეშფოთების გამოძახილი იყო აღნიშნული ტელევიზიების მიერ იმ ტყუილ-მართალი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც წინასაარჩევნო ემოციური ფონის გაუარესებას ემსახურებოდა. თუმცა, როგორც ხედავთ, მათ მიზანს ვერ მიაღწიეს. მეტიც, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები არიან რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა მიზანი ჩვენი ეროვნული იდენტობის ორი უმთავრესი საყრდენის – სახელმწიფოსა და ეკლესიის შერყევაა.

ამ ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტიურად წარიმართება.

„საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ – ეს არის ფრაზები „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან.

გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა, ვციტირებთ – „ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“. ასევე, „სირცხვილიას“ ერთ-ერთ წარმომადგენელს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სთხოვეს რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა.

ყველამ ვიცით, რა ღირებულებების მატარებელი არიან ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ყველაზე მძიმე პროვოკაციაზე წასვლაც კი მათგან არავის გაუკვირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან მოუწოდა ოპონენტებს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა ქვეყანაში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს დასამძიმებლად.