კომკომს შეეძლება, მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია ბანკებიდან გამოითხოვოს

პუბლიკა

ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას შეეძლება, სასამართლოს მიმართოს და კომერციული ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „ქართული ოცნების” პარლამენტში 28 მაისს დარეგისტრირდა.

ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში, მაუწყებლობის შესახებ კანონში, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონსა და მიკრობანკების საქმიანობის შესახებ კანონში.

ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს დაემატება VII/2 თავი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მაუწყებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე.

მისი ერთ-ერთი მუხლის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 66/1 ( მაუწყებლის დაფინანსების დაუშვებლობა) მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ფარგლებში კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მაუწყებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ კომისიამ ამ მაუწყებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა ინფორმაციის წარდგენის შესახებ, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.

„მაუწყებლობის კანონის” 66/1 მუხლის თანახმად, აკრძალულია მაუწყებლის დაფინანსება შემდეგი სუბიექტების მიერ: ადმინისტრაციული ორგანოები; პოლიტიკური პარტიები; თანამდებობის პირები; საჯარო მოსამსახურეები.

ასევე აკრძალულია მათ მიერ: მაუწყებლის მომსახურების შეძენა; პროგრამების მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი/ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონს იღებენ, რათა კომუნიკაციების კომისიას, „მიეცემა შესაძლებლობა ეფექტიანად აღასრულოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციები”.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მოქმედი კანონით კომუნიკაციების კომისიას აქვს უფლება, მედიასაშუალებებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმებისგან მოითხოვოს ინფორმაცია მათი საქმიანობის კანონთან შესაბამისობის შესახებ.

ეს მოიცავს ლიცენზიის, ქცევის კოდექსის და საავტორო უფლებების დაცვას დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც.

თუ მაუწყებლები და ვიდეოგაზიარების პლატფორმები კომუნიკაციების კომისიას ამ ინფორმაციას არ წარუდგენენ, კომისიას შეუძლია, გამოიყენოს კანონით განსაზღვრული სანქციები: გაფრთხილება, ჯარიმა, ავტორიზაციის შეჩერება.

თუმცა, განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ეს სანქციები საკმარისად ეფექტიანი არ არის იმ მუხლის (66/1) შესასრულებლად, რომელიც კრძალავს მაუწყებლის არასათანადო დაფინანსებას. ანუ, თუ მაუწყებელი დაფინანსების შესახებ ინფორმაციას არ გასცემს, კომისიას არ აქვს ძლიერი ბერკეტი რეალური სურათის გასარკვევად.

ასევე, განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ: ავტორიზაციის შეჩერება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა დარღვევა მესამედ განმეორდება ერთ წელიწადში; თუ მაუწყებელი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, სანქციის მოქმედება ავტომატურად ჩერდება; ავტორიზაციის შეჩერება რთული და სენსიტიური პროცესია, რადგან საზოგადოებას შეიძლება დროებით შეეზღუდოს ინფორმაცია.

ამიტომ, კანონპროექტის ინიციატორები ირწმუნებიან, რომ საჭიროა ახალი, ეფექტური მექანიზმის შექმნა, რომელიც კომისიას მისცემს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში მაუწყებლის საბანკო ინფორმაციაც მოითხოვოს მესამე პირისგან — მაგალითად, ბანკიდან, რათა დაფინანსების წყაროები რეალურად დადგინდეს და საზოგადოებრივი ინტერესი დაცული იყოს.

„ამასთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, გასაჩივრების შემთხვევაში როგორც ავტორიზაციის შეჩერების შესახებ, ასევე 5000 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში კომისიის აქტის მოქმედება ავტომატურად ჩერდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაუწყებლისთვის ავტორიზაციის შეჩერება მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგანაც იწვევს საზოგადოებისთვის ინფორმაციის წვდომაზე ერთგვარი ბარიერის დაწესებას. მაუწყებლების დაფინანსების რეგულირება მიზნად ისახავს მაუწყებლების და, შესაბამისად, საზოგადოების დაცვას სხვადასხვა ჯგუფის გავლენებისგან.

შესაბამისად, ამ ლეგიტიმური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად საჭიროა, შეიქმნას ქმედითი მექანიზმი, რომელიც კანონის აღმასრულებელ ორგანოს საშუალებას მისცემს, მაუწყებლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მესამე პირისგან – საბანკო დაწესებულებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მაუწყებლის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ”. – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

განმარტებით ბარათში ასევე წერია, რომ „კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა”.