კომპანიას მოვთხოვეთ ბოლო სართულის დემონტაჟი – კალაძე ბარათაშვილის მოედანზე მშენებლობაზე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბარათაშვილის მოედანზე, ნიშნიანიძის ქუჩაზე დაწყებული მშენებლობა არასწორად წარიმართა. მისი თქმით, კომპანიას მერიასთან შეთანხმებული ჰქონდა სხვა პროექტი, მაგრამ მშენებლობის პროცესში გამოიკვეთა, რომ შენობა სცდებოდა იმ მასშტაბებს, რაზეც თანხმობა მიიღო თბილისის მერიისგან.

„ეს შენობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ბარათაშვილის მოედანზე. უწინდელი შენობა, რომელიც წლების წინ იდგა იქ, დანგრეული და გაუბედურებული იყო და მას ძეგლის სტატუსი არ ჰქონია. ამ შენობის ადგილზე კონკრეტულ კომპანიას უნდა განეხორციელებინა საინვესტიციო პროექტი. ეს მათი საკუთრება იყო. ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა გაკეთებულიყო ისეთი ტიპის პროექტი, რომელიც ჩვენთვის მისაღები იყო, ლამაზად ჯდებოდა სივრცეში და ინარჩუნებდა იმ სახეს, რომელიც ძველი თბილისის მიმართულებით შენობა-ნაგებობების თვალსაზრისით გვაქვს, თუმცა მშენებლობის პროცესში მივიღეთ სრულიად სხვა სურათი. მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და მგონი, კარგად ჩანს, რომ ის პროექტი და რენდერები, რაც იყო შეთანხმებული, რეალურად არის აცდენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მერია არ დაუშვებს, რომ ბარათაშვილის მოედანზე მშენებლობა ამ მიმართულებით განვითარდეს. მისივე თქმით, თბილისის მერიამ უკვე მოსთხოვა კომპანიის წარმომადგენლებს ბოლო სართულის დემონტაჟი, რათა შესაბამისობაში მოვიდეს რენდერებთან, რაზეც თავიდანვე მიიღეს თანხმობა. კალაძის თქმით, კომპანია ამ მოთხოვნას დასთანხმდა.

ძველი შენობა

თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი რენდერები

მშენებლობის პროცესი