კომუნიკაციების კომისიამ ფილმების პირატული საიტების დასაბლოკად ინტერნეტსერვისის მიმწოდებელ კომპანიებს მიმართა

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტპროვაიდერებს მიმართა, მოახდინონ რეაგირება არალეგალური საიტების მიმართ.

„კომუნიკაციების კომისიამ ვებგვერდების წარმომადგენლებს თითქმის ორწლიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ.

გამომდინარე იქიდან, რომ მეკობრეობის სრულად აღმოფხვრა კომუნიკაციების კომისიის პრიორიტეტად რჩება, კომისია ამ ეტაპზეც ყოველდღიურად თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ვებგვერდებთან არალეგალური კონტენტის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

კომუნიკაციების კომისიამ გასულ კვირაში ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიმართა იმ ვებგვერდებს, რომლებიც მოპარულ კონტენტს ავრცელებენ, რომ გაათავისუფლონ საკუთარი პლატფორმები არალეგალური კონტენტისგან.

იმ ვებგვერდებთან დაკავშირებით, რომლებმაც კომისიის მოთხოვნის მიუხედავად, არ ამოიღეს საკუთარი პლატფორმიდან არალეგალური კონტენტი, კომისიამ უკვე მიმართა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულნი არიან, მოახდინონ რეაგირება და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტ სივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლების პროცესში, კომპანიებს მაქსიმალური ვადა მისცა, რათა თავისი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ.

საავტორო უფლებების დარღვევით, ინტერნეტ სივრცეში აუდიო-ვიზუალური კონტენტის განთავსება, სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიებს, რომლებსაც სწორედ ის კონტენტი აქვთ ნაყიდი და მომხმარებელს ლეგალურად სთავაზობენ, რომელსაც სხვადასხვა ვებგვერდი არალეგალურად ავრცელებს და შესაბამისად, უფლებების კანონიერ მფლობელებს ზიანს აყენებს“, – ნათქვამია განცხადებაში.