კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფი: შოკირებული ვართ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნით

პუბლიკა

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს და შეშფოთებას გამოთქვამს “ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაზე უარი თქმულიყო დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე, ისევე, როგორც ძალადობის შესახებ ცნობებზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ”.

ღია წერილი ტვიტერზე გამოაქვეყნა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა, რომელიც წერს, რომ წერილი გახარიას ერთობლივად გაუგზავნეს მან და მეორე თანათავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯერი კონოლიმ.

წერილის ქართულ ვერსიას უცვლელად “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

“1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველომ შექმნა დემოკრატიის მყარი საფუძველი და აჩვენა ერთულება დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიმართ. ამიტომაც, ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო ცნობა იმის შესახებ, რომ კოლაფსი განიცადა დაპირებულმა რეფორმებმა საქართველოს პარლამენტში, რომლითაც პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა დანერგილიყო. საქართველო ამ რეფორმებზე წლებია მუშაობს, ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად. პირობა მიეცა არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობას, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ განაახლებენ მოლაპარაკებებს და დაამტკიცებენ ამ მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტს.

ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც იქნება ხალხისგან, ხალხისთვის, და ხალხის. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტადაა დაახლოებული დასავლეთთან და სურთ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება. სწორედ ამიტომაც გავიდა ამდენი ხალხი ქუჩებში, რათა მშვიდობიანად გამოეხატა თავისი შეშფოთება, მაგრამ მათ მოძალადე ავაზაკები დაუპირისპირდნენ. ყველა ხელისუფლებას აქვს უფლება გამოიყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი არეულობის წინააღმდეგ, თუმცა დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი მეთოდები გამოიყენონ თავიანთი შეხედულებების გამოხატვისთვის. შემაძრწუნებელია ცნობები, რომ, როგორც იუწყებიან, ხელისუფლების მიერ ნებადართული ძალადობის შედეგად დაშავდა, და საავადმყოფოშიც კი მოხვდა ასობით დემონსტრანტი, ჟურნალისტი, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი.

საქართველო თითქმის სამი ათწლეულია აშშ-ის სანდო და სტრატეგიული პარტნიორია. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ახლახან აჩვენა საქართველოს ერთგულება საქართველოს მხარდაჭერის აქტის, H.R. 598-ის დამტკიცებით, რომელიც ამბობს, რომ აშშ კვლავაც ერთგულია საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტისა, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი და აცხადებს აშშ-ის წინააღმდეგობას რეგიონში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ახლა ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა, რომ უერთგულოს თავის პირობას ქართველი ხალხის მიმართ. მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას საიმისოდ, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს დემოკრატიის მხოლოდ გაძლიერება მომავალ წლებში”.