კონსპირაციული შეხვედრები ნანა კაკაბაძის სახლში – რას ჰყვება თეოლოგი

პუბლიკა

თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა გუშინ „,მთავარი არხის“ ეთერში კიდევ ერთხელ ისაუბრა შეხვედრებზე, რომელიც მისი თქმით, ნანა კაკაბაძის სახლში იმართებოდა და მას ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

თეოლოგი ჰყვება, რომ კონსპირაციულ შეკრებებზე ისეთი საკითხები განიხილებოდა, როგორიცაა „რუსთავი 2-ის“ საკითხი და „ციანიდის“ საქმე, თანამოსაყდრე შიო მუჯირის პიროვნების იდეალიზაცია, დიპლომატიური კორპუსის მიმართ საპროტესტო ნოტის შემუშავება და სხვა.

ადამიანები, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ 

გიორგი ტიგინაშვილი ჰყვება, რომ ეს იყო არაფორმალური კოლეგია, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებითაა დაკომპლექტებული.

როგორც თეოლოგი ამბობს, ის ამ შეხვედრაზე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის დაპატიჟებით მოხვდა.

„ჩემი მეგობარი ზაზა შათრიშივილი დამიკავშირდა.  იმის გამო, რომ მე მაქვს კონსერვატიული შეხედულებები, პატრიოტული სულისკვეთება, ვარ მართლმადიდებელი ეკლესიის გულკშემატკივარი და საქართველოს მხარდამჭერი, მან საჭიროდ მიიჩნია, რომ რაღაც შეხვედრებზე მასთან ერთად მეც ვყოფილიყავი “, – ამბობს გიორგი ტიგინაშვილი.

ის იხსენებს, რომ მივიდნენ ნანა კაკაბაძის სახლში, სადაც დახვდნენ კოტე ჯანდიერი, შოთა გლურჯიძე, ზაზა შათირიშვილი, თამაზ ჯოლოგუა, გია ტაბლიაშვილი, ნიკა ლალიაშვილი, ვაკა გორგილაძე, გია ჟორჟოლიანი და გიორგი ანდრიაძე.

თეოლოგის თქმით, იმისათვის, რომ ვინმემ სპეკულაციასა და ცილისწამებაში არ დასდოს ბრალი, მას აქვს საერთო ჩათის მიმოწერა.

რა იყო შეხვედრების მიზანი

გიორგი ტიგინაშვილის თქმით, შეხვედრაზე მყოფ ადამიანებს ევალებოდათ საზოგადოებრივი აზრის შექმნა, მედიააქტივობა საჯარო სივრცეებში და სხვადასხვა პოზიციის კულტივირება.

ამ პროცესს, როგორც თეოლოგი ამბობს, ნანა კაკაბაძე ხელმძღვანელობდა. ის მუდმივად იყო ხაზზე პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან.

„პრაქტიკულად კონტენტზე/შინაარსზე ის მუშაობდა. მუდმივ სატელეფონო ხაზზე იყო თეთრუაშვილთან.  შესაბამისად, იღებდა უცნობი ტიპის დირექტივებს, რაც ყველასათვის არ იყო ხელმისაწვდომი. მას ჰქონდა კონფიდენციალური საუბრები ტელეფონზე, ჩვენ ხმამაღალზე არ მოგვისმენია მის მიერ გაჟღერებული მიზნები და ამოცანები. ხდებოდა თითოეული ჩვენგანის ინსტრუმენტალიზება/გამოყენება, რასაც მე  გვიან მივხვდი პრატქიკულად“, – ამბობს გიორგი ტიგინაშვილი.

თეოლოგის თქმით, პერიოდულად  მაინც დადიოდა შეხვედრებზე და სულ ალბათ 5-6-ჯერ დაესწრო.

ის იხსენებს, რომ ეს შეხვედრები 2016 წლის დეკემბერში იმართებოდა.

რა გზავნილებზე იყო საუბარი შეხვედრებზე

როგორც გიორგი ტიგინაშვილი ამბობს, მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო „ციანიდის საქმე“.

„განსაკუთრებული სიმძაფრით უნდა წარმოჩენილიყო გიორგი მამალაძე, როგორც ერთპიროვნული  ხელმძღვანელი იმ კრიმინალური განზრახვისა, რომელიც მან სისრულეში ვერ მოიყვანა და პრაქტიკულად, თანამოაზრეებზე, თანამზრახველებზე და თანამონაწილეებზე არ უნდა გამახვილებულიყო ყურადღება. როგორც ანდრიაძემ განაცხადა ამ შეხვედრაზე – მოდით, ეს ყოველივე შევტენოთ პეტრეს და სააკაშვილს და მათ დავწამოთ თანაშრომლობა ამ საკითხში. ეს იყო მისი იდეა“, – ამბობს ტიგინაშვილი.

თეოლოგის თქმით, ეს იყო მისთვის მოულოდნელობა და მაშინ მიხვდა, რომ რაღაც ტიპის  სპეკულაციას ჰქონდა ადგილი და შესაძლოა ვიღაცის ხელში იარაღი აღმოჩენილიყო.

„ეს ადამიანურად, მოკრძალებით გავაპროტესტე და  ვთქვი, რომ ზნეობრივად ეს ღვთის წინაშე არასწორია, რასაც მოჰყვა გიორგი ანდრიაძის მხრიდან ღიმილი სარკასტული და ცინიკური, მან  ჩათვალა, რომ მე ვარ გულუბრყვილო რომანტიკოსი“.

გიორგი ტიგინაშვილი ჰყვება, რომ შეხვედრებზე მყოფი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა  „ქართული ოცნების“ მეხოტბე იყო. ის იხსენებს, რომ ნიკა ლალიაშვილი ცდილობდა ნატოს/ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დისკრედიტაციას.

„ნიკა ლალიაშვილი ძალიან გამოირჩეოდა დესტრუქციული განცხადებებით და მუდმივად ცდილობდა ნატოს დისკრედიტაციას. მან მოიტანა მოხსენება, სადაც ნატოს სიცრუის პროექტი უწოდა და ცდილობდა, ამ თემის ტირაჟირება მოგვეხდინა სხვადასხვა სივრცეში, ზოგჯერ ფსევდონიმით,  ზოგჯერ ავტორობით. იგეგმებოდა გარკვეული კონტენტის შემუშავება, რომელიც საზოგადოებაში ამა თუ იმ განწყობებს დანერგავდა.  საბედნიეროდ, ზოგიერთი მათგანი იქ დამსწრე ადამიანებისა მას ოპონირებას უწევდა, მაგრამ ზოგადად იყო სრული უნისონი,  მე ვერ ვხედავდი იქ რაიმე ტიპის წინააღმდეგობას“, – ამბობს თეოლოგი.

ის ასევე იხსენებს, რომ განიხილებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საკითხიც. როგორც ამბობს, დაბეჯითებით რამის თქმა გაუჭირდება, რადგან არ უნახავს კონკრეტული წერილები და მოხსენებები, რომლებსაც ამზადებდნენ, მაგრამ შეუძლია განწყობებზე ისაუბროს.

„მათ  ჰქონდათ სახელისუფლებო პოზიციები და ცდილობდნენ, მაქსიმალურად მოეხდინათ პროცესების მარგინალიზება და პოლარიზაცია და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მეტყველება.  ტელეკომპანიასთან დაკავშირებით,  ისინი აპროტესტებდნენ იგივე იან კელის განცხადებას და იყო მზაობა იმისა, რომ დიპლომატიური კორპუსის მიმართ ერთგვარი საპროტესტო ნოტა შემუშავებულიყო, რომელიც უხეშ ჩარევას და სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობას წარმოაჩენდა. ეს მოჰყვა იმას, როდესაც ითქვა, რომ მედიაზე თავდასხმა არის არამართლზომიერი ქმედება და გარკვეულ ხიფათს უქმნის ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობებს“,  – ამბობს ტიგინაშვილი.

ის ასევე ამბობს, რომ ამ შეხვედრებზე საუბარი იყო მოსაყდრე შიო მუჯირის პიროვნების საკრალიზაცია/იდეალიზაციაზე. სწორედ ეს გახდა როგორც ამბობს, მისთვის წყალგამყოფი.

„იმთავითვე ვიცოდი, რომ მეუფე შიო იყო ანგაჟირებული, პოლიტიკურად მოტივირებული, საკუთარი ბექგრაუნდით, დოსიეთი, ბიოგრაფიით, წარსულით, კონტაქტებით დაკავშირებული კრემლის გავლენიან საეკლესიო წრეებთან და პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან“- ამბობს ტიგინაშვილი.

მისი თქმით, ამის შემდეგ ის დისტანცირდა ამ ჯგუფისგან და აღარ დადიოდა შეხვედრებზე.

რას ამბობენ თეოლოგის მიერ დასახელებული პირები

თეოლოგმა ამ შეხვედრების შესახებ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელშიც დაწერა. გიორგი ტიგინაშვილის განცხადების საპასუხოდ ნანა კაკაბაძემ გია ნიკოლაიშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ შეხვედრები მართლაც იყო სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკურ საკითხზე, მაგრამ თეოლოგის მიერ ნახსენებ თემებზე საუბარი უარყვეს.

ნანა კაკაბაძე ადასტურებს, რომ შეხვედრა, რომელსაც  გიორგი ტიგინაშვილი ესწრებოდა მართლაც მის სახლში შედგა და იგი ზაზა შათირიშვილმა მოიყვანა.

„ვმსჯელობდით და ვმსჯელობთ ხოლმე გარკვეულ საკითხებზე. არა მხოლოდ მსჯელობა, ხდებოდა სფეროების მიხედვით წერილების ურთიერთგაცნობა, დღევანდელი მდგომარეობის ანალიზი. მაგალითად, როგორია საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, განათლება, კულტურა, რა პრობლემებია და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სამოქალაქო საზოგადოებამ. იმ პერიოდში აქტუალური იყო „ციანიდი“  და ბუნებრივია ამ საუბრებში ვეხებოდით ამ საკითხს,“ – თქვა პრესკონფერენციაზე გია ნიკოლაიშვილმა.

როგორც მან  თქვა,  აბსოლუტური სისულელეა, რომ ისინი თითქოს ხელისუფლების ინსტრუქციებს აჟღერებდნენ, არცერთი შეხვედრაზე მყოფი ადამიანი ხელისუფლების აქტიური მომხრე არ ყოფილა.

პრესკონფერენციაზე ნანა კაკაბაძემ თქვა, რომ მას ახლო ურთიერთობა აქვს შორენა თეთრუაშვილთან და სამღვდელოების უმრავლესობასთან. თუმცა, აღნიშნა, რომ ტიგინაშვილის თანდასწრებით არასდროს უსაუბრია შორენა თეთრუაშვილთან.

შეხვედრაზე დასწრება არ უარუყვია არც გიორგი ანდრიაძეს. ის საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

გიორგი ანდრიაძემ „მთავარ არხთან“ გადაცემა „აქცენტებში“ საუბრისას აღნიშნა, რომ ერთხელ იყო ნანა კაკაბაძის სახლში შეხვედრაზე.

„ნანა კაკაბაძემ მიმიწვია, ერთადერთი, ვისაც ახლა ვიხსენებ, იყო ნიკა ლალიაშვილი და მეორე ტიგინაშვილი, რომელიც მაშინ პირველად ვნახე. ეს ორი იყო, ვინც მე ვიცანი, იყვნენ სხვებიც, არ მახსოვს“, – განაცხადა ანდრიაძემ.

„პუბლიკა“ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა „პირად საკითხეზე კომენტარს არ აკეთებს“.

„პუბლიკა“ შეეცედა ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილთან დაკაშირებასაც, თუმცა, მან ზარებს არ უპასუხა.