კორონავირუსი | 22 სექტემბრის მიმოხილვა

პუბლიკა

22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ამ დროისთვის ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ხოლო ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 3913-ს მიაღწია.

რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების გადანაწილება ასეთია:

  • 137 გამოვლინდა აჭარაში.
  • თბილისი – 47;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6;
  • იმერეთი – 26;
  • გურია – 2.

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, ერთი გარდაცვლილი ბათუმში მკურნალობდა, ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული მოციმციმე არითმია და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

მეორე პაციენტი ქუთაისში ბათუმიდან კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, მასაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა – შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ატროფია, ორმხრივი პნევმონია, გულის იშემიური დაავადება.

მესამე გარდაცვლილი პაციენტის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ის საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი და თბილისში მკურნალობდა.

ასევე, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თბილისში, სოფელ დიღომში კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა. ვირუსის გავრცელება დაბადების დღის წვეულებას უკავშირდება.

დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს. ინფორმაციას საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახო ხუზმიაშვილი ადასტურებს. თუმცა მისი თქმით, ტელევიზია არ წყვეტს მაუწყებლობას.

ასევე, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ოთხ თანამშრომელს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მათი რაოდენობა, ჯამში, 1574-ს შეადგენს.

22 სექტემბრის მდგომარეობით 2291 აქტიური შემთხვევაა, მათგან 600-მდე ადამიანი საკარანტინე სივრცეებში მკურნალობს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბათუმში ამოქმედდა ბინაზე მართვის მოდელიც. მსუბუქი შემთხვევების ნაწილს ოჯახის ექიმების დახმარებით თავიანთ ბინებშივე უმკურნალებენ.