კორონავირუსი და ბავშვები - პედიატრის განმარტება

პუბლიკა

„კორონავირუსის თვისება, რომ ბავშვებს აზიანებს ნაკლებად, გრძელდება ახლაც. დაწყებული იანვრის დღეებიდან, როცა პირველად გამოჩნდა პუბლიკაციები ამ თემაზე, მარტის ბოლო არის უკვე და ყველა პუბლიკაცია მიუთითებს ბავშვების კორონავირუსით ძალიან იშვიათ ავადობაზე“, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

მან ყურადღება გაამახვილა ამ თემასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ბოლო პუბლიკაციაზე, რომელშიც მიმოხილულია პედიატრიული შემთხვევები ჩინეთის, იტალიისა და აშშ-ის მონაცემებზე დაყედნობით.

„ახლახან გამოქვეყნდა შვედურ ძალიან სერიოზულ ჟურნალში ერთადერთი სისტემური პედიატრიულ შემთხვევებთან დაკავშირებული მიმოხილვა. აქ არის გაერთიანებული პედიატრიული შემთხვევები ჩინეთიდან, იტალიიდან და აშშ-დან. ჯამში ანალიზი ჩაუტარდა 89 პუბლიკაციას. ჩინური მონაცემები, რომლებიც 54 000 ბავშვს ეხება, მიუთითებს მხოლოდ 2%-ში ბავშვების ავადობაზე; იტალიური მონაცემი, რომელიც 22 000 ბავშვს ეხება, მიუთითებს 1,2%-ის ავადობაზე, ამერიკული, რომელიც 4 200 ბავშვს ეხება, მიუთითებს ჰოსპიტალიზაციაში 1%-ს ბავშვების წილზე და ზოგად ნაკადში 5%-ს.

ასე რომ, არაფერი არ შეცვლილა. ისე, როგორც თავიდან იყო, ბავშვებში იშვიათია ავადობა“.

მისივე თქმით, პუბლიკაციაში შეჯამებულია რამდენიმე თეორიული მოსაზრება, თუ რა არის ზემოთ აღნიშნულის მიზეზი და ყურადღებას ორ მათგანზე ამახვილებს:

პირველი – პედიატრი გამარტავს, რომ ბავშვებს ცხოვრების განმავლობაში ძალიან ხშირად უწევთ შეხება ვირუსულ ინფექციებთან, მათ შორის, ძალიან დიდი წილი კორონავირუსია, ოღონდ სხვა –  ე.წ. ძველი კორონავირუსი. ამ ვირუსების სიხშირე წლის განმავლობაში შეიძლება, ერთ ჯანმრთელ პედიატრიულ პაციენტს ჰქონდეს 10-12, რაც მიჩნევა დასაშვებად. ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვებს უყალიბდებათ იმუნიტეტი, რაც მათ შესაძლოა, იცავს ახალი კორონავირუსისაგან.

„ამ მოსაზრებას ძალიან ხშირად იმეორებს სხვადასხვა ავტორი და ვფიქრობ, ეს მართლაც სერიოზული არგუმენტია. ხშირი ავადობა (ზოგადად, კორონაჯგუფის ვირუსის ინფექციების) იწვევს, ასევე, წინააღმდეგობას ახალი კორონავირუსის მიმართ“, – განმარტავს პედიატრი.

მეორე მოსაზრება, ჩხაიძის განმარტებით, ექსპერიმენტულ კვლევებს ეფუძნება: „ეს თეორია გულისხმობს, რომ ვირუსს სჭირდება გარკვეული შესასვლელი ადამიანის უჯრედში. ეს შესასვლელი ფერმენტია, რომელიც ხელს უწყობს კორონავირუსის შესვლას უჯრედში. ბავშვებში ეს ფერმენტი არის გაცილებით ნაკლები, არასრულფასოვანი და მისი ფუნქციონირებაც გაცილებით უფრო სუსტია, ამიტომ კორონავირუსის არ გააჩნია სუბსტრაქტი ორგანიზმში შესაღწევად, ბავშვის ორგანიზმის უჯრედში შესაღწევად. ეს შეიძლება იყოს მეორე მიზეზი, თუ რატომ არის იშვიათი კორონავირუსი ბავშვებში“.

მისივე განმარტებით, ფაქტია, რომ დღესდღეობით არსებული ყველა მონაცემი მიუთითებს ბავშვებში კორონავირუსის ძალიან იშვიათ და მსუბუქ  მიმდინარეობაზე – შემთხვევების 95-98% მიმდინარეობს მსუბუქად ან შესაძლოა, ყოველგვარი სიმპტომის გარეშე. თუმცა, მეორე მხრივ, საყურადღებოა ისიც, რომ ბავშვი შეიძლება იყოს ინფექციის გადამტანი მოზრდილებში.