კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 45-მდე გაიზარდა – ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 45-მდე გაიზარდა. უახლესი სტატისტიკის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია იმის ფონზე, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის 195 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 35 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა, დანარჩენები კი – ქვეყნის სხვა კლინიკებში.

„საქართველოს გავრცელების მხრივ და გარდაცვალების რაოდენობის მხრივ, ევროპის 53 ქვეყნიდან უკავია 50-ე ადგილი. ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა, ანუ უფრო ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიც არის ლიხტენშტეინი, მონაკო და ვატიკანი,

თუ ავიღებთ მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს ინფექციის გავრცელებით და სიკვდილიანობით უკაცია 109-ე ადგილი და ჩვენს უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება ჩვენ არც კი ვიცით, ალბათ. სადაც ეს დიაგნოსტიკა სავარაუდოდ ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით და მით უმეტეს, მათგან მოწოდებული აღრიცხვა როგორია, არ ვიცით“,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოში 195 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 45 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.