კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი

პუბლიკა

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 28 პაციენტია მოთავსებული. გუშინ სტაციონარიდან საკარანტინო სივრცეში 6 პაციენტი გადაიყვანეს, – კორონავირუსთან დაკავშირებით ბოლო მონაცემების ანგარიში ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა წარადგინა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ კლინიკას 17-მა პაციენტმა მიმართა. მათგან, ჯერჯერობით, მხოლოდ 11-ია გამოკვლეული და კორონავირუსზე მათი ანალიზი უარყოფითია. დანარჩენი პაციენტების გამოკვლევის პასუხი, მისი ვარაუდით, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

„იმისათვის, რომ ყველა პაციენტი გამოვიკვლიოთ დღის განმავლობაში, გუშინ უკვე სამ ეტაპად გადავწყვიტეთ ანალიზების გაკეთება. პირველი ორი ეტაპი, ანუ ამ 11 პაციენტის პასუხი, უარყოფითია, დანარჩენი ტესტები, რომლებიც დღის მეორე ნახევარში დაიწყო და კეთდება, ალბათ, დღეს დილისთვის ან შუადღისთვის იქნება ცნობილი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, მიმართვიანობის პროცესი დინამიკურია და გამოსაკვლევ თუ გამოკვლეულ პაციენტთა რაოდენობა გამუდმებით იცვლება. ექიმმა ბოქსირებულ პალატებში პაციენტთა განაწილების პრინციპიც განმარტა.

„როდესაც ერთი წყაროა, ერთი ექსპოზიციაა – ამას ჰქვია კოჰორტული ჯგუფი. ჩვენ შეგვიძლია, თითოეულ პალატაში სამი ადამიანი დავაწვინოთ ერთად. ეს მოგზაურობები, ძირითადად, მილანური ვოიაჟებია, როგორც ვხედავ, ამ პერიოდში გადააჭარბა ყველაფერს. 5-6 ადამიანი ერთად რომ მიდის, ამან გაგვიადვილა, რომ ეს ადამიანები ერთად მოვათავსოთ პალატებში“,  განაცხადა მან.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია, არ აქვს ტემპერატურა და ანალიზებს უტარებენ რეგულარულად.