კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის მდგომარეობა საყურადღებოა – მაკა სოლოღაშვილი

პუბლიკა

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის წარმომადგენლის, მაკა სოლოღაშვილს განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა მისი ოჯახის მცირეწლოვანი წევრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკაში სასულიერო პირისა და მისი ოჯახის ორი წევრის მოთავსებისა და კორონავირუსის დადასტურების შესახებ მაკა სოლოღაშვილმა გუშინ განაცხადა.

„ეპიდემიოლოგები მუშაობენ [ინფიცირების წყაროს] დადგენის საკითხზე, თუმცა კლინიკისთვის ინტერესის წყაროს არ წამოადგენს, რომლისგან მოხდა დაინფიცირება, ეს შესაბამისმა უწყებებმა მოიკვლიონ”, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 42 პაციენტი მკურნალობს, მათგან covid-19 დადასტურებული აქვს 21-ს, მათ შორის, ერთ პაციენტს ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ქვეყნის შიდა გადადებაა.

„9 პაციენტია საყურადღებო. 18 წლამდე ასაკის პაციენტია შვიდი და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 13 პაციენტი ამ დროისთვის ემზადება კვლევაში ჩასართველად”, – აცხადებს სოლოღაშვილი.

15 აპრილის 10:30 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა 306 ადამიანი, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. კარანტინშია მოთავსებული 4490, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 462 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოიყვანეს საქართველოს 3 მოქალაქე.