„კრაწაშვილის გამოფენაა, ამ დროს დაგდევენ და გეუბნებიან: სააკაშვილს შია“ - წულუკიანი მედიაზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მოსმენის დროს დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ სამინისტროს მხრიდან მედიის კლასიფიკაციის შესახებ დასვა შეკითხვა.

„მგონი, თქვენ ერთადერთი მინისტრი ხართ, რომელიც მედიის კლასიფიკაციას ახდენს. მედიის ნაწილს თქვენი მოსაზრების შესაბამისად არ აძლევთ ინფორმაციას სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად, რომელსაც თქვენი უწყება აორგანიზებს. ამას რამდენ ხანს აპირებთ, რა არის ამის საფუძველი და რამდენად სწორად მიგაჩნიათ?

თქვენ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მყოფი მინისტრი ხართ ამ ხელისუფლების პირობებში და რა მაგალითს აძლევთ თქვენი ხელისუფლების სხვა წევრებს, რომლებიც არ ჩამოგივარდებიან ამ აგრესიით სხვადასხვა ტელევიზიების და მედიასაშუალებების მიმართ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება, ღიად  რომ არ დაუშვათ და არ აცნობოთ ინფორმაცია სხვადასხვა ტელევიზიას, რამდენად სწორად მიგაჩნიათ? რამდენ ხანს აპირებთ, რომ ასე გააგრძელოთ?“, – იკითხა სამნიძემ.

დეპუტატის საპასუხოდ თეა წულუკიანი ამბობს, რომ მისი არჩევანია, რომელ მედიას მისცემს ინტერვიუს. მინისტრის თქმით, ჟურნალისტები მას არათემატურ შეკითხვებს უსვამენ ხოლმე.

„მედია თავისუფალია, რომ კითხვები დასვას, მაგრამ მე, როგორც ერთი მინისტრი, როგორც ინდივიდი არავის წავუშლივარ. მე თავად ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ ტელევიზიას მივცემ ინტერვიუსა და კომენტარს და რომელს არა.

როდესაც მე გამოფენას ვხსნი და გამოფენის გახსნისას მისი დათვალიერება შეუძლებელია იმიტომ, რომ მე მაგალითად, ცნობილ მხატვარზე ან ექსპონატზე ვსაუბრობ… კრაწაშვილის გამოფენაა, ამ დროს დაგდევენ და გეუბნებიან: სააკაშვილს შია. კრაწაშვილს გამოფენაზე მე რა გავაკეთო, თუ ბატონ მიშას შია. ამ დროს ვიცით, რომ არ შია.

შესაბამისად, მე მაქვს უფლება, ვთქვა, რომ ამ თემაზე თქვენთან საუბარს არ ვაპირებ. ეს ჩემი უფლებაა, კანონში არ წერია, რომ არ მაქვს ამის უფლება. მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ მედიას დაველაპარაკო როგორც მინისტრი და რომელს არა.

…რაც შეეხება პატიმარს და პატიმრის მდგომარეობას, მე მგონი, ვაჩვენე, როგორ ვეპყრობი პატიმრებს და რაც მე ვანო მერაბიშვილის ქუთუთოზე მიდარდია და მიტარებია საავადმყოფოებში, მე არ ვიცი, მეტი რა გავაკეთო, იმიტომ რომ პატიმარი ჩემთვის არის ბორკილებიანი ადამიანი, სიწმინდე თავისებური.

ამიტომ, დასვან კითხვები, რაც ჩემ ამჟამინდელ საქმიანობას ეხება. რაც მათ არ შეუძლიათ. დარბიან და დაანგრიე მუზეუმი – არ დავანგრიე, კი დაანგრიეო, სად არის კბილი? – აქ არის კბილი და არის ერთი ამბავი, რა უნდა ელაპარაკო? – არ არის საინტერესო მათთან საუბარი“, – განაცხადა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრის თქმით, უწყება ვალდებულია, ინფორმაცია გაავრცელოს. მან სამინისტროს ინფორმაციის გავრცელების მთავარ წყაროდ სოციალური ქსელი დაასახელა.

„ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით და მე მაქვს იმის ჯანსაღი ამბიცია, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი სამინისტრო, რომელიც დღე ერთია და არაერთ ინფორმაციას აწვდის სოციალური ქსელებით, ესაა ჩვენი ოფიციალური გვერდი და თუ ვებგვერდია საჭირო, ჯერ არ გვაქვს, მაგრამ გვექნება , თუმცა თანამედროვე სამყაროში, ალბათ „ფეისბუქი“ არც ისე ცუდია, ბევრი რაღაცის მოსმენის და გაზიარების საშუალებას იძლევა და ჩვენს ფეისბუქის გვერდს თუ მოიწონებთ, იქ ნახავთ… ჩვენ უფრო სოციალურ ქსელებს ვანიჭებთ უპირატესობას და ინფორმაცია მიეწოდება“, – განაცხადა მინისტრმა.

LB loan image desktop LB loan image mobile