კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

პუბლიკა

უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე გუშინ რუსების მიერ მიტანილი სარაკეტო იერიშის შემდეგ სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.

ბოლო მონაცემებით, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. მაშველები დაღუპულთა ცხედრებს ჯერ კიდევ ეძებენ. სარაკეტო თავდასხმისას ცენტრში 1000-მდე ადამიანი იყო.

„ეს იყო ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ტერორისტული თავდასხმა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ თავდასხმის შემდეგ.

სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა დაგმეს გუშინ G7-ის ლიდერებმაც და უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვეს.

უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, სავაჭრო ცენტრს რუსულმა ბომბდამშენებმა Kh-22 ტიპის შორი მოქმედების რაკეტები ესროლეს.