კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა შესაძლოა, ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის წოდების ჩამორთმევა მოითხოვონ

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში „ლელოს“ წევრები კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ კულტურის სამინისტროში მინისტრ თეა წულუკიანის საქმიანობაზე იმსჯელეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიისთვის ბრიფინგი გაიმართა.

პოეტმა პაატა შამუგიამ განაცხადა, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სურთ, საკანონმდებლო ორგანოს გააცნონ თავიანთი პრობლემები. შამუგიას შეფასებით, კულტურის სფერო ჩიხშია და სერიოზული კრიზისის წინაშე დგას.

„აბსოლუტურად დახშულია კომუნიკაცია და ჩამკვდარია დიალოგი კულტურის სფეროს წარმომადგენლებსა და სამინისტროს შორის, რაც გამოიხატება სხვადასხვა ფორმით თუმცა ყველაზე მავნე და გამანადგურებელი, ჩემი გადმოსახედიდან, რასაც ცენზურა ჰქვია და რომლის მცდელობის არაერთ მაგალითს ყოველდღე ვხედავთ, მათ შორის, „ლიტერასთან“, მწერალთა სახლთან, იქამდე წიგნის ცენტრთან დაკავშირებით… მუდმივად მიდიოდა ეს წნეხი. მე ახლა მწერლობაზე ვსაუბრობ, მაგრამ ნებისმიერ სფეროში, ეს იქნება კინოცენტრი თუ მუზეუმი, ყველგან მიდის ცენზურის მცდელობა, არათუ მცდელობა, არამედ ბევრგანაა განხორციელებული.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ პარლამენტის კულტურის კომიტეტმა აღასრულოს მოვალეობა. განსაკუთრებული ოპტიმიზმით არ ვართ აღჭურვილი, როდესაც ამას ვამბობთ. როდესაც კულტურის მინისტრი მოდის [პარლამენტში] იცვლება როლები და ნაცვლად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანომ მინისტრისგან ჩაიბაროს ანგარიში, კულტურის მინისტრი იბარებს ანგარიშის სახით დეპუტატების ქება-დიდებას. მოვითხოვთ, ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ აიღოს პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მტრული გარემოს, ცენზურისა და უამრავი შემაფერხებელი გარემოების გამო მოვითხოვთ, მას ჩამოერთვას მშვიდობის ელჩის ტიტული იუნესკოში. ადამიანი, ვინც კულტურის სფეროს რეპრესიებზე თვალს ხუჭავს, არ შეიძლება, მშვიდობის ელჩად მიიჩნეოდეს“, – განაცხადა შამუგიამ.

კინორეჟისორ სალომე ჯაშის შეფასებით, თეა წულუკიანმა კულტურის სფეროს უზურპაცია მოახდინა.

მისი თქმით, დღეს კულტურის სფერო ღირებულებით ბრძოლაშია და ისინი მოითხოვენ ელისო ბოლქვაძისგან, მხარე დაიკავოს ამ ბრძოლაში და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოითხოვენ, ჩამოერთვას იუნესკოს მშვიდობის ელჩის სტატუსი.