კუნძულ ზმეინიზე ბრძოლა გრძელდება, უკრაინამ წარმატებით დაარტყა - ბრიტანეთის თავდაცვა

პუბლიკა

ბრძოლა გრძელდება უკრაინის ზმეინის კუნძულზე, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „გველების კუნძული“, – ინფორმაციას კუნძულზე არსებული მდგომარეობის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რუსეთმა რამდენჯერმე სცადა და კვლავ ცდილობს, გააძლიეროს თავისი ღია გარნიზონი კუნძულზე, მაგრამ უკრაინამ წარმატებით დაარტყა რუსეთის საჰაერო თავდაცვას, რუსების მომმარაგებელ გემებს თავს ესხმის ბაირაქტარის თვითმფრინავებით.

მათი თქმით, რუსეთის მომარაგების გემებს ახლა, შავ ზღვაში ჩაძირული სამხედრო ხომალდის Moskva-ს დაკარგვისა და მათი საზღვაო ძალების უკან დახევის შემდეგ მინიმალური დაცვა აქვთ.

კუნძულს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ახლოს მდებარეობს უკრაინის მთავარ საპორტო ქალაქებთან, მათ შორის ოდესასთან.


24 თებერვალს რუსეთის სამხედრო ძალებმა ოდესის ოლქში, შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი აიღეს. მოგვიანებით უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ განადგურებულია ინფრასტრუქტურა, უკრაინის სამხედროებსა და მესაზღვრეებთან კი კავშირი გაწყდა.

უკრაინული მედიის ცნობით, 24 თებერვალს რუსული სამხედრო ხომალდი Moskva კუნძულს მიადგა. კუნძულზე მყოფ ჯარისკაცებს რუსული ხომალდიდან მიმართეს და დანებება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიბომბებოდნენ.

ამ განცხადებას კუნძულიდან მოჰყვა უკრაინელების პასუხი: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ…“.

საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კუნძულის მცველები დაიღუპნენ და მათ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ.

25 თებერვალს უკრაინამ კუნძული ზმეინი დაიბრუნა. 28 თებერვალს კი, უკრაინის საზღვაო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუნძულ „ზმეინიზე“ მყოფი სამხედროები ცოცხლები იყვნენ და რუსებმა დაატყვევეს.