კვირას წირვა რომ გადავიხადო, ხმას არ გამცემს პატრული? - გოცირიძე

პუბლიკა

„ანუ, თუ მე გამოვაცხადებ, რომ ღმერთის ნებაზე უნდა ვიაროო, ხმას არ გამცემს პატრული? ესაა ჩვენი საგანგებო მდგომარეობა?“ – საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის წირვის ჩატარების უფლების მიცემას გამოეხმაურა.

„მე კვირას რომ მივიდე ეკლესიაში და წირვა გადავიხადო, მრევლი რომ მოვიდეს და ერთმანეთისაგან 2 მეტრიან დისტანციაზე დადგეს, დაახლოებით 50 ადამიანი ისე კოხტად მოთავსდება, როგორც დაგიბარებია. ანუ, თუ მე გამოვაცხადებ, რომ ღმერთის ნებაზე უნდა ვიაროო, ხმას არ გამცემს პატრული? ესაა ჩვენი საგანგებო მდგომარეობა? ამის გამოა ხალხს რომ მოჩვენებები დაეწყო მარტო სახლში ჯდომით? რაებს გვეხუმრება ეს ხალხი? მასხრათ გვიგდებთ ბატონო ხელისუფლება და დიდად პატივცემულო ჯანდაცვა?“, – წერს რუსუდან გოცირიძე Facebook-ზე.

მე კვირას რომ მივიდე ეკლესიაში და წირვა გადავიხადო… მრევლი რომ მოვიდეს და ერთმანეთისაგან 2 მეტრიან დისტანციაზე დადგეს,…

Posted by Rusudan Gotsiridze on ხუთშაბათი, 02 აპრილი, 2020

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ეკლესიებში მრევლთან ერთად წირვა გაგრძელდება და არც ზიარების წესი არ შეიცვლება. ამის შემდეგ, 1 აპრილს საპატრიარქომ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მორწმუნეთათვის სულიერო საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები. ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს”.

თუმცა საპატრიარქო ეკლესიებში მისულ მრევლს მოუწოდებს, დარჩნენ ეკლესიის ეზოებში ან დიდი ტაძრების შემთხვევაში შიგნით მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით.

ეკლესიის პოზიციას, შეზღუდვების მიუხედავად გააგრძელოს წირვის ჩატარება მრევლთან ერთად, გუშინ გიორგი გახარიაც გამოეხმაურა. „მე ვუყურებ, როგორ ვითარდება ეკლესიის მიდგომაც, თუნდაც ის სტანდარტები, რომელსაც დღეს ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში. მე ვიცი, რომ იყო აბსოლუტურად მკაფიო მოწოდებები, რომ საეკლესიო მსახურების დროს, როდესაც ეკლესიაში არ არის ამის საშუალება, ვიყოთ ეკლესიის ეზოში და კიდევ ბევრი რამ“, – განაცხადა გახარიამ „იმედის“ ეთერში.