სადაც შესაძლებელია რელიგიური რიტუალის სახლში აღსრულება, ეს გავაკეთოთ სახლში - გახარია

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს პრემიერმინისტრმა მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებსა და რიტუალებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხზე ეკლესიასთან კომუნიკაცია არსებობს. პრემიერი აცხადებს, რომ ძალიან კარგად ესმის ეკლესიის როლი და ეკლესიასაც ძალიან კარგად ესმის სახელმწიფოს როლი, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. მისივე თქმით, „ეს არის ის პოსტულატი, რომელლზეც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ“.

„იქ, სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში. ეს არის მთავრობის რეკომენდაცია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და არა ამხოლოდ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, არამედ მისი ახლობლებისა და მისი გარემოცვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. საბოლოო ჯამში ჩვენ ამით ვზრუნავთ ერთმანეთზე და ვზრუნავთ ამ ქვეყანაზე“, – განაცხადა გახარიამ

მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ახლა ამ საკითხზე საუბარი არ სურს, რადგან იქამდე 3 კვირაა დარჩენილი.

„ჯერ კიდევ 3 კვირა არის დარჩენილი, ჩვენ გვაქვს გარკვეული იმედები, მაგრამ ვნახოთ. ძალიან ფრთხილი, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ შეიძლება სიტუაცია გამოსწორდეს. ეს არ იქნება მარტივი, ყველა შემთხვევაში. მე ვუყურებ, როგორ ვითარდება ეკლესიის მიდგომაც, თუნდაც ის სტანდარტები, რომელსაც დღეს ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში. მე ვიცი, რომ იყო აბსოლუტურად მკაფიო მოწოდებები, რომ საეკლესიო მსახურების დროს, როდესაც ეკლესიაში არ არის ამის საშუალება ვიყოთ ეკლესიის ეზოში და კიდევ ბევრი რამ“, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას განცხადებით, „სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი – გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები“.