კვლევა ავტორიტარული რეჟიმის პროპაგანდის არაერთ ტექნიკას აერთიანებს - ISFED „გორბის“ კვლევაზე

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ „იმედის“ დაკვეთით GORBI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში დასმული შეკითხვების ნაწილის ფორმულირება არ შეესაბამება ვალიდობის სტანდარტებს, აცდენილია აქტუალობას და მიზნად ისახავას საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას და წარმოადგენს პროპაგანდის ინსტრუმენტს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის ეს ნაწილი ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებისთვის თავს მოხვევის მცდელობაა.

„წარმოდგენილი კვლევა ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდის მეთოდების არაერთ ტექნიკას აერთიანებს, როგორიცაა შიშის დანერგვა, ადამიანების არარსებული არჩევნის წინაშე დაყენება, მტრის ხატის შექმნა, საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების მანიპულაცია და მოტყუება.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც, ევროპარლამენტის რეზოლუციის საპასუხოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი რიტორიკით და მინიშნებებით ყოველდღიურად აკეთებენ საჯარო განცხადებებს“, – წერია განცხადებაში.

ISFED-ის განცხადებით, კვლევა მცდელობაა, რომ „ოცნების“ პოლიტიკოსების დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმურად წარმოჩნდეს.

„ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მის შედეგებს აქტიურად იხმობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, სახელისუფლებო ექსპერტები და სხვა მათთან დაკავშირებული პირები. პროპაგანდის მასშტაბების გასაზრდელად დაინტერესერბული პირები, აქამდე არაერთხელ გამოყენებულ ხერხს მიმართავენ და ფეისბუქზე სხვადასხვა გვერდისა და „საინფორმაციო სააგენტოს“ საშუალებით აზიარებენ GORBI-ის კვლევის შედეგებს. მათ შორის, ფეისბუქზე ანონიმური რეკლამების განთავსების გზით, მოცემული კვლევის შედეგებს მმართველ პარტიის სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის გვერდებიც ავრცელებენ.

აღნიშნული აშკარად წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გაცხადებულ არჩევანთან დაპირისპირების მცდელობას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურად გამყარებულ პროევროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს“, – წერს ორგანიზაცია.

ISFED ასევე ხაზს უსვამს, რომ კვლევის შეკითხვები თანხვედრაშია რუსეთიდან მართული ძალადობრივი ჯგუფების მუდმივ მცდელობასთან, დასავლეთს ჯერ უკრანაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის წამოწყება გადააბრალონ და შემდეგ ამ ნარატივს საქართველოს ომში ჩათრევის აბსურდული თეორია მიუსადაგონ.

„გასააზრებელია, რომ საკითხის ამგვარად დაყენება Საქართველოში რუსული აგრესიის საფრთხესაც ზრდის. რუსული პროპაგანადისტული მანქანა, მისი სამხედრო თუ სხვაგვარი აგრესიის გადასაფარად და ამ მხრივ სამიზნე ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად განუზომელ რესურსებს ხარჯავს. ამ საფრთხეების ფონზე, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო სრული ძალისხმევით რუსულ პროპაგანდას დაუპირისპირდეს, პროსახელისუფლებო მედია, მანიპულაციური ხერხებით, აბსურდული შიშების ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის გამოკვეთით ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს მისი ბრალეულობის პრევენციისთვის. ეს კი, მოცემულ ისტორიულ მომენტში, საქართველოს უსაფრთხოებას და ქართველი ხალხის ევროპასთან ინტეგრაციის საუკუნოვან მისწრაფებას შეუქცევად ზიანს აყენებს“, – წერს ისფედი.

განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.