დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ის დათანხმდა უკრაინაში 50 მილიონი დოლარის ღირებულების თავდაცვითი პროდუქტების ექსპორტს პირდაპირი კომერციული გაყიდვების გზით.
ინფორმაციას გამოცემა KyivPost დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
ოფიციალური შეტყობინების თანახმად, 50 მილიონი დოლარის შეიარაღების გაყიდვის ლიცენზია კონგრესს „იარაღის ექსპორტის კონტროლის აქტით“ წარედგინა. კანონი, უფლებას აძლევს აშშ-ის პრეზიდენტებს, რომ გააკონტროლონ თავდაცვის პროდუქტებისა და სერვისების იმპორტი და ექსპორტი.
„ყველა პირდაპირი კომერციული გაყიდვა გაუხმაურებლად ხდება. ეს არ ცხადდება საჯაროდ, როგორც უცხოური სამხედრო გაყიდვები. ახალი ამბავი აქ ისაა, რომ [აშშ-სგან იარაღის გაყიდვები] გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფიქრობდა, ტრამპი უკრაინას ამას სრულად შეუწყვეტდა“, – განუცხადა Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტს კოლბი ბადჰვარმა, კვლევითი ჯგუფი „ტოჩნის“ უსაფრთხოების დახმარების ანალიტიკოსმა.