ლანდსბერგისი: გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე ივანიშვილის ხედვის მოსმენით

პუბლიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლურ გამოსვლას ეხმაურება. ლანდსბერგისი X-ზე წერს, რომ „შოკიებულია ურთიერთობების ასეთი უეცარი ცვლილებებით საქართველოს უახლოეს მოკავშირეებთან”.

“გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე ივანიშვილის ხედვის მოსმენით. შოკირებული ვარ ურთიერთობების ასეთი უეცარი ცვლილებით ქვეყნებთან, მათ შორის ლიეტუვასთან, რომლებიც საქართველოს უახლოესი მოკავშირეები იყვნენ. ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ.

საქართველოს ხალხს მხარს ვუჭერდით დამოუკიდებლობის პირველივე ეტაპიდან. ლიეტუველებს თქვენი გამარჯვებები უხაროდათ, მხარში გედექით, როდესაც რუსეთი თავს დაგესხათ, ვტიროდით, როცა სიცოცხლეს და მიწას კარგავდით.

ახლა შოკირებულები ვართ იმით, თუ როგორ მიათრევენ ქართველებს არათავისუფლებისკენ ისინი, ვისაც თავად ყველაზე მეტად ეშინიათ თავისუფლების. მაგრამ ვიცით, რომ ქართველები, ლიეტუველებივით, მარად თავისუფალი სულისკვეთების არიან და თავისუფლება ყოველთვის იყვავილებს”. – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

29 აპრილს „ქართული ოცნების“ კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლური სიტყვით გამოვიდა. მისი ანტიდასავლური რიტორიკა ენმ-ის ხელისუფლებას, ასევე, „გლობალური ომის პარტიას” ეხებოდა, რომლებიც „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ, არადემოკრატიული წესით, გარედან დაინიშნნენ”. ივანიშვილმა წინა ხელისუფლების წევრების დასჯის პირობა დადო.

ბიძინა ივანიშვილმა ახსენა აკაკი წერეთლის „ღამურაც” ახსენა, „ რომელიც, საბოლოოდ, ვერც უცხოელდება და ქართველობასაც კარგავს”.

მისი მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსება „თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება”. ამას კი, ივანიშვილის შეფასებით, „ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან” და მისი მიზანი „საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევაა”.

ამასთან, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, „სწორედ სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.

ამ ყოველივესთან ერთად, ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირში გაერთიანდება.

შეკრებაზე, რომელიც მმართველმა პარტიამ რუსული კანონის საწინააღმდეგო მასშტაბური გამოსვლების საპირისპიროდ მოაწყო, დამსწრეები საქართველოს რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, მათ შორის, საჯარო მოხელეები.