ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით კვლავ გაუფასურდა

დღეს, 13 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. მიუხედავად ამისა, ლარი დოლართან მიმართებით 4.48 თეთრით, ხოლო ევროსთან  2.76 თეთრით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით: 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9942 ლარია, 1 ევროსი კი – 3.3421 ლარი.

ბოლო ერთ კვირაში ლარი დოლართან მიმართებით 22 თეთრით, ხოლო ევროსთან  24 თეთრით გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის გაუფასურება პანდემიურ სიტუაციასა და ნავთობის საერთაშორისო ფასის ვარდნასთან არის დაკავშირებული.

„აღნიშნულ გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ერთი მხრივ, კორონავირუსის გავრცელება გლობალურად და საქართველოში, ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს, ნავთობის საერთაშორისო ფასების ვარდნა საქართველოს ნავთობის ექსპორტიორი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებასა და ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს. შედეგად, გაიზარდა სავალუტო შემოდინებების შემცირების რისკი, რაც მოლოდინების არხით შესაბამისად აისახა სავალუტო ბაზარზე”, – წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.