ლატვიაში 80 რუსული სატელევიზიო არხის მაუწყებლობა აიკრძალა

პუბლიკა

ლატვიაში რუსეთში რეგისტრირებული 80 სატელევიზიო არხის მაუწყებლობა აიკრძალა, – ინფორმაციას ლატვიური მედია ავრცელებს. გადაწყვეტილება კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭომ (NEPLP) დღეს მიიღო და ის ძალაში 9 ივნისს შევა.

NEPLP-ის თავმჯდომარემ ივარს აბოლინსმა ლატვიურ მედია LETA-ს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ახალი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე. ცვლილებები იძლევა შესაძლებლობას, აიკრძალოს ის სატელევიზიო არხები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს საომარ მოქმედებებს და არ დაუბრუნებს ყირიმს უკრაინას.

მედიის ეროვნული საბჭომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ იქამდეც შეაჩერა კრემლის მთავარი პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობა, როგორც ტელევიზიით, ისე ინტერნეტით.

დღეს გამოცემული ბრძანებით ლატვიაში აკრძალული არხების სიაშია შემდეგ არხები:  E TV; Иллюзион +; Кино24;  Мир ТВ; Охота и рыбалка; Перец; Русский Иллюзион.