ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინია გადადგა.
ამ გადაწყვეტილებით დაიშალა მისი კოალიციური მთავრობა. თუმცა, ლატვიის პარლამენტი თავად აპირებდა სილინიას იმპიჩმენტს.
ეს ყველაფერი ლატვიაში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ხდება – არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი.
სილინია, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია „ახალ ერთობას“ წარმოადგენს, გუშინ, 13 მაისს პარლამენტში მმართველი უმრავლესობის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც მემარცხენე პარტია „პროგრესისტებმა“ მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადეს.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ინციდენტი, როცა 7 მაისს რუსეთიდან ლატვიის ტერიტორიაზე გადაიფრინა ორმა უკრაინულმა დრონმა. ერთ-ერთი მათგანი ჩამოვარდა და ნავთობის რეზერვუარს დაეცა.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ანდრი სპრუდსი იკავებდა, რომელიც პარტია „პროგრესისტების“ წევრია. სპრუდსმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონები ლატვიის ტერიტორიაზე შეცდომით მოხვდნენ.
კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ამ ინციდენტით გამოვლინდა ლატვიის სისუსტე სამხედრო საფრთხეების მიმართ.
ანდრი სპრუდსი პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინია ამ ინციდენტის გამო თანამდებობიდან გაუშვა, რის გამოც კოალიციიდან გავიდა მისი პარტია.
„მე გადავდექი, მაგრამ არ ვნებდები. ამ მომენტში, პოლიტიკური ეჭვიანობა და ვიწრო პარტიული ინტერესები პასუხისმგებლობაზე მაღლა დააყენეს“, – განაცხადა მან „პროგრესისტების“ შესახებ და სწორედ ისინი დაადანაშაულა „გამოსავლის ნაცვლად კრიზისის არჩევაში“.
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი, რომელსაც კონსტიტუციით მთავრობის მეთაურის შერჩევა ევალება, 15 მაისს შეხვდება ყველა საპარლამენტო პარტიას.