ლაზარეს დედა ზურაბიშვილს: ვთხოვ, როგორც დედას, გვერდში დამიდგეს

პუბლიკა

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ამბობს, რომ გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

„ჩემი შვილი არის ამხელა მანქანის მსხვერპლი… თუ ამ მოვლენებს უყურებს[ზურაბიშვილი], მგონია, ჩანს, რომ ლაზარეს დანაშაული არ გამოიკვეთა. პრეზიდენტს, როგორც დედას, ვთხოვდი, რომ გვერდში დამიდგეს,“ – თქვა „ფორმულასთან“ ინტერვიუში გრიგორიადისის დედამ.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. განაჩენი 17 ნოემბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა სასამართლომ ნოემბერში ჩანიშნული პროცესები დეკემბერში გადადო. პროცესების გადადების მიზეზზე საქალაქო სასამართლოში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ არ იციან.

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტში, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.