საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. კენჭისყრის უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა.
ეგზიტპოლის თანახმად, პირველ ტურში ლიდერ ულტრამემარჯვენე პარტიას მემარცხენე კოალიცია უსწრებს. მარინ ლე პენის პარტია, სავარაუდოდ, მესამე ადგილს დაიკავებს.
წინასწარი პროგნოზით, მემარცხენე სახალხო ფრონტი დაიკავებს 172-დან 192 ადგილამდე, ხოლო ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი 150-დან 170-მდე ადგილით მეორე ყველაზე დიდი პარტია იქნება პარლამენტში.
რაც შეეხება ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიას, სავარაუდოდ, 132-დან 152-მდე დეპუტატი ეყოლება.
ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად, სულ მცირე, 289 ადგილი მაინც არის საჭირო.
დღეს საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა.
როგორც BBC წერს, ადგილობრივი დროით, 17:00 საათის მონაცემებით აქტივობამ 59,71% შეადგინა, რაც 1981 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი რაოდენობაა.
პირველი ტური 30 ივნისს გაიმართა. შედეგების თანახმად ლიდერობს მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია. მეორე ადგილზე გავიდა მემარცხენე პარტიების ალიანსი, ხოლო მესამეზე ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტიამ გაიმარჯვა. მარინ ლე პენი და ჯორდან ბარდელა აცხადებენ, რომ 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობის, ანუ 289 ადგილის მოპოვება სურთ.
თუმცა, როგორც დასავლური მედიები წინასწარი პროგნოზით წერენ, მოსალოდნელია, რომ ლე პენის პარტია 230-280-მდე ადგილს დაიკავებს, მემარცხენე ალიანსი – 125-დან 165-ს, ხოლო მაკრონის კოალიცია 70-100 ადგილს მიიღებს.
აბსოლუტური უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში, საფრანგეთის პარლამენტს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდება, ხოლო RN ვერ შეძლებს ისეთი გეგმების განხორციელებას, რომლებიც იმიგრაციას, გადასახადების შემცირებასა და კანონებს ეხება.
პარალელურად, საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად, მაკრონის საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2027 წლამდე გაგრძელდება.
არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ევროპარლამენტში მიღებული შედეგების შემდეგ ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა.