ლელო: ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია

პუბლიკა

„ლელო – ძლიერი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ალეკო ელისაშვილი ბიძინა ივანიშვლის რეჟიმის პატიმარია.

განცხადებაში, რომელიც პარტიამ ალეკო ელისაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ:

„ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას და ის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად არის ქცეული.

ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან. განსაკუთრებით საგანგაშოა მცდელობა, იგი ტერორისტად წარმოჩინდეს მაშინ, როდესაც ტერორიზმის ბრალდება არ არის დამყარებული სარწმუნო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე.

ალეკო ელისაშვილი ჯერ კიდევ სასამართლო პროცესამდე შალვა პაპუაშვილის პირით შერაცხეს ტერორისტად და ამით პირდაპირი დავალება მისცეს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მისაღებად.

ალეკო ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და დაშინებისთვის.

ვერც რეპრესიები, ვერც პოლიტიკური დევნა და ვერც უსამართლო განაჩენები ვერ შეაჩერებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეას ამ ქვეყანაში. ისტორია აუცილებლად შეაფასებს ამ რეჟიმის ქმედებებს და თითოეულ პასუხისმგებელ პირს საკუთარ ადგილს მიუჩენს.

„ძლიერი საქართველო-ლელო” სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ალეკო ელისაშვილს, მის ოჯახსა და მეგობრებს.

გვჯერა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება დროებითია, ხოლო თავისუფლება-გარდაუვალი“, – წერს „ძლიერი საქართველო“.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

ალეკო ელისაშვილს პროკურატურა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებოდა. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

პროკურატურის მტკიცებით, 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალითა და ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული და ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი ჩაქუჩით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და სასამართლოს შიდა სივრცეში შეაღწია.