„ლელოს" მოწადინება, რომ მელიას გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, წინააღმდეგობაშია შეთანხმებასთან - მაჭარაშვილი

პუბლიკა

„ლელოს” მოწადინება, რომ მელიას გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად „ლელომ” მოაწერა ხელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამ შემთხვევაში, ნიკა მელია დილემის წინაშე დააყენეს: გამოვა – ვაია, არ გამოვა – ვუია. რაც შეეხება „ლელოს” მოწადინებას, რომ მისი გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, ეს წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად „ლელომ” ხელი მოაწერა. საქართველოში ამერიკის ელჩისა და ევროპარლამენტარების კომენტარები ვნახეთ, რომ ქვეყანა ვერ გადაჰყვება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, გამოვა თუ არა ციხიდან. ნიკა მელიას საკითხი აბსოლუტურად არ არის პრიორიტეტული არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ დონეზე, თუ თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, რომ ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღმკვეთი ღონისძიება და მელია იქნას გათავისუფლებული, რაც კრიზისის დროული განმუხტვის აუცილებელი წინაპირობა იქნება.