ლემონჯავა: ივანიშვილის რეჟიმი მამაჩემს 1-დან 5 წლამდე პატიმრობით ემუქრება

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, გიგა ლემონჯავა წერს, რომ მამამისის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს და მას „ივანიშვილის რეჟიმი“ ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ემუქრება.

მისივე ცნობით, „ქართული ოცნების“ ჩხოროწყუს შტაბის უფროსმა იჩივლა, რომ ვახტანგ ლემონჯავამ მას მანქანა დაუზიანა, თუმცა, ლემონჯავას თქმით, საქმეში თავად პროკურატურამ ჩადო იუსტიციის სახლის კამერიდან ამოღებული ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ავტომობილის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია.

„ივანიშვილის რეჟიმი მამაჩემს ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ემუქრება. საქმე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში აღძრეს „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის ჩვენების საფუძველზე, რომელიც ღამის 11 საათზე იუსტიციის სახლის შენობაში ე.წ. „კაპიტნებს“ ამეცადინებდა არჩევნების მოპარვაში, რასაც შემთხვევით შეესწრო მამაჩემი და შესაბამისი რეაქციაც ჰქონდა. ოღონდ პრობლემა იმაშია, რომ ქოცების ჩხოროწყუს შტაბის უფროსმა იჩივლა ვახტანგ ლემონჯავამ მანქანა დამიზიანაო და 1500 ლარის კომპენსაციას და „ვახტანგ ლემონჯავას კანონის სრული სიმკაცრით დასჯა“-ს ითხოვს. საქმეში თავად პროკურატურამ ჩადო იუსტიციის სახლის კამერიდან ამოღებული ჩანაწერი, რომელშიც შესანიშნავად ჩანს, რომ იმ „კაცური კაცის“ ავტომობილის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. ამდენი იმიტომ ვწერე, რომ კიდევ ერთხელ ვთქვა, არსად წასვლას და არავისგან დამალვას ჩვენ არ ვაპირებთ. რაც გინდათ ის მოიგონეთ, როგორი საქმეებიც გენებოთ, ისეთი კერეთ. მაგ კაცს, რომელსაც ახლა ერთიდან ხუთ წლამდე ციხით “აშინებენ” 2008 წლის ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის ღირსების ორდენი აქვს მიღებული. 2022 წელს, 60 წლის ასაკში, ჩაალაგა და უკრაინაში წავიდა საომრად კრემლის წინააღმდეგ. სულ რომ ყველა დაგვიჭიროთ ამ პროცესს ერთი დასასრული აქვს – რუსული რეჟიმის ჩამოშლა და თავისუფალი ხალხის გამარჯვება. ცეცხლი ოლიგარქიას!“ – წერს ლემონჯავა.

„პუბლიკა“ ცდილობს დეტალების გარკვევას.

„დროას“ პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.