ლიეტუვამ რუსეთისგან გაზის, ნავთობისა და ელექტროენერგიის შესყიდვა მთლიანად შეაჩერა

პუბლიკა

ლიეტუვაში ელექტროენერგიის ოპერატორმა კომპანია Nord Pool-მა დღეიდან რუსეთისგან ელექტროენერგიის იმპორტი შეაჩერა. ლიეტუვაში უკვე შეჩერებული ჰქონდათ გაზისა და ნავთობის შესყიდვა რუსეთისგან, შესაბამისად, დღეიდან ქვეყანა სრულად წყვეტს რუსეთთან ენერგორესურსების კუთხით თანამშრომლობას.

რუსული ელექტროენერგიის ჩანაცვლებას ლიეტუვა ქვეყნის შიგნით გამომუშავების ზრდითა და ელექტროენერგიის შვედეთიდან, პოლონეთიდან და ლატვიიდან იმპორტით შეეცდება.

ლიეტუვა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად ამცირებდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი კიევისადმი სოლიდარობის ნიშნად რუსულ ენერგორესურსებზე მთლიანად უარის თქმა გადაწყვიტეს.

რუსეთთან ენერგორესურსების კუთხით თანამშრომლობა ევროპაში ეტაპობრივად მცირდება. ცოტა ხნის წინ რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა ფინეთს იმის გამო, რომ ჰელსინკში მისი საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს. იგივე მოხდა ბულგარეთისა და პოლონეთის შემთხვევაშიც. ასევე, ევროკავშირში მიმდინარეობს მსჯელობა, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან მთლიანად გაათავისუფლონ ევროგაერთიანება.