ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო – რა, გაქრეს სააკაშვილი?! – სანიკიძე

პუბლიკა

„ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო. ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია“, – ასე გამოეხმაურა „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გიორგი ვაშაძის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით.

„მეტი რაღა უნდა ჩაიჩოჩოს? გასაკვირი ამბავია, რა აღარ გამიგია, როგორი მრუდე ლოგიკა არ მომისმენია, პროპაგანდა და სიცრუე გინდა ისტორიაში ან დღევანდელობაში, ასეთი რამ არ გამიგია. ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს გაიწიეო. ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია. რა, გაქრეს სააკაშვილი?! მართლა უარი რომ თქვას სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაზე, ხომ წარმოგიდგენიათ, აქ რა იქნება?! დინასტიური ცვლილება იქნება. ბაგრატიონების მაგივრად ივანიშვილები დასხდებიან საქართველოს ტახტზე, ვერ ატყობთ რომ აქეთ მიდის?! სააკაშვილი რომ გაიწევა, შეიქმნება ვაკუუმი, ვინ შეავსებს ამ ვაკუუმს?!“, – განაცხადა სანიკიძემ.


„მიხეილ სააკაშვილიც იმავე განცხადებას თუ გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება, რათა ამ კინკლაობის ნაცვლად, საქმიან, რაციონალურ პოლიტიკურ პოლემიკაზე გადავიდეთ, რომელიც ქვეყანაში მოიტანს მეტ სტაბილურობას“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილის წასვლის კომენტირებისას, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, 13 იანვარს განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს კარგი იქნებოდა თვითონ მიხეილ სააკაშვილისთვის – დაფოკუსირდებოდა სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე. მას ვერავინ ვერ აუკრძალავს, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარი პოზიცია გამოთქვას, მაგრამ კარგი იქნებოდა, რადგან ამ მოჯადოებულ სივრცეს გახსნიდა და რეალური პოლიტიკური კონკურენცია დაიწყებოდა ქვეყანაში, ადამიანებს რეალური არჩევანი ექნებოდათ. ამ ჭიდილმა – მიშა თუ ბიძინა, ბიძინა უფრო ცუდია თუ მიშა, რომელი უფრო კარგი იყო – ცხრა თუ რვა წელი, ჩვენი დისკუსი ისეთ პროცესში გადაიყვანა, რომელიც ქვეყნისთვის არაფრის მომტანი არ არის.

ამიტომ კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს, კარგი იქნება ბიძინა ივანიშვილი მარტო განცხადებას კი არ გააკეთებს, არამედ რეალურად შეასრულებს ამას. ამის შემდეგ ჩავატაროთ ხელახლა საპარლამენტო არჩევნები და ხალხმა აირჩიოს, ვის ანდობს ქვეყნის მართვას.

ეს არსებულ ვითარებაში ყველაზე რაციონალური და სწორი გამოსავალია, როცა არც მიშა იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და არც ბიძინა იქნება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. დავისვენებთ ჩვენ და ახალი თაობის პოლიტიკოსებს უფრო ფართო არეალი გაეხსნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.