ლილუაშვილი: აუცილებლად შევუერთდებით განხილვას მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ

პუბლიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ისინი მზად არიან, შეუერთდნენ განხილვას მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ და თუ პარტიები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას შეძლებენ, „ეს იქნება პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება“.

„ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობაზე მსჯელობის ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან ცნობილია.

თუ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩვენ გაგვიხარდება. ეს იქნება სწორი, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას. დღეს ჩვენი შემდეგი მიზანი ნეიტრალური კანდიდატების შერჩევაა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გასულ კვირას პარტიის ყრილობაზე თქვა, რომ ემზადებიან ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს პარტია „ლელო“ და ოპოზიციას ამ თემაზე მსჯელობას სთავაზობს.

6 ივნისს „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში თქვა, რომ ემხრობა „ბრძოლის გარეშე” არ დათმონ არაფერი.

 „ჩვენს პარტიაში, ჩვენ ვემხრობით, რომ ბრძოლის გარეშე არ დავთმოთ არაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო შევვარდებით არჩევნებში, და ეს არ ნიშნავს, რომ ამან უნდა დაანგრიოს რაღაცა“, – თქვა ხაზარაძემ.

შეკითხვაზე, დღეს ვის უფრო აწყობს არჩევნებზე ოპოზიციის გასვლა, ხაზარაძე პასუხობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ბიძინა ივანიშვილი მთელი მსოფლიოსგან მიიღებს „ლეგიტიმაციას”, რადგან ის არჩევნებს გაყალბების გარეშე ჩაატარებს.

მანამდე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეფასებები მოჰყვა.

კუპრაძემ „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ თბილისის „წართმევა და გათავისუფლება“ შესაძლებელია.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობიდან“ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლევან სანიკიძემ. მისი თქმით, ისინი დგანან „საპროტესტო ელექტორატის და ამ ქვეყანაში ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანთა უმრავლესობის ნებაზე“, რაც გულისხმობს არჩევნებში მონაწილეობის არმიღებას.

რაც შეეხება „ფედერალისტებს“, ირაკლი კუპრაძის განცხადებას გამოეხმაურა ლიკა გახარია, რომლის თქმითაც, ოპოზიცია მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობას, დამოკიდებულია გარემოებებზე და ხალხზე.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ პოზიციაა, რომ ოპოზიცია აქტიურ ბოიკოტში უნდა იყოს. 31 მაისს ნიკა ფარულავამ „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ ბოიკოტის მიზანი ოფისებში დარჩენა არ უნდა იყოს, არამედ, უნდა შემუშავდეს საერთო გეგმა და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ არჩევნებზე აქტივობა იყოს ძალიან დაბალი.

„გირჩის“ გაცხადებული პოზიციაა, რომ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეკა ონიანმა თქვა, რომ ადგილობრივი წარმომადგენლების შერჩევის პროცესში არიან და მზად არიან, პარტიის რიგებში მიიღონ „პატიოსანი, კეთილსინდისიერი და კარგი რეპუტაციის“ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება აქამდე არჩევნებში მონაწილეობაზე არ უფიქრიათ, მაგრამ სიამოვნებით წარმოადგენენ ხალხს საკრებულოებში.

საკითხთან დაკავშირებით „თავისუფლების მოედანი” ამბობს, რომ არ აპირებენ „დემოკრატიის დასამარების წინასწარ გამოცხადებულ გეგმაში მონაწილეობას“. მათი პოზიციით დღევანდელი საარჩევნო ადმინისტრაცია არც დამოუკიდებელია და არც მიუკერძოებელი, არსებობს გაყალბების უამრავი შესაძლებლობა, ხოლო არჩევნებზე დაკვირვების არა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.