ლილუაშვილი ტრენინგების საქმეზე: რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია 

პუბლიკა

სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ „რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია” და რომ USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგზე „რევოლუციის მოწყობას” მოტივირებულ ადამიანებს ასწავლიდნენ.

„რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია. რევოლუციონერებს აქვთ მოტივაცია, ფიზიკური შესაძლებლობები და ა.შ. მწერალიც შეიძლება, თუმცა, მწერლებიც გასარკვევია, ვინ მწერალია და ვინ პოეტი, ვერ გაიგებ. რევოლუციონერი, გინახავთ, რამე პროფესიას ამთავრებდეს ან რისკიანი სპეციალობების ხალხი იყოს რევოლუციის მომწყობები და დაბალი რისკის პროფესიების წარმომადგენლები არ იყვნენ? აბსოლუტური სიგიჟეა ამის მტკიცება.

რა მნიშვნელობა აქვს, რეჟისორია თუ მსახიობი. ხვალ შეიძლება, დაატრენინგონ ინჟინრები, ზეგ – ექიმები”. – თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისივე განცხადებით, სუსს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ USAID-ის პროგრამის ფარგლებში CANVAS-ის წევრებს საქართველოში ტრენინგები უნდა ჩაეტარებინათ.

“ინფორმაცია გვქონდა და მაგას გეუბნებით. როგორ აბა, წინასწარმეტყველების ნიჭი გაგვაჩნია? მაშინ ჩვენი გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ ეს პირები, ჩამოსულები რომ იყვნენ? ე.ი ჩვენ წინასწამეტყველური ნიჭით აღვიჭურვეთ და ვიწინასწარმეტყველეთ, რამდენიმე დღეში რა თემაზე იქნებოდა ტრენინგი? ანუ, ინფორმაცია რომ არ ყოფილიყო სანდო წყაროდან, რომელიც ოფიციაულრ საფუძველზე იყო მოპოვებული, როგორ წარმოგიდგენიათ, ამას თქვენთან საკამათოს გავხდიდითი ბრიფინგიდან რომ გამოვაცხადეთ?”. – ამბობს ლილუაშვილი.

სუსი ირწმუნება, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგზე, რომელიც არაძალადობრივი გზებით წინააღმეგობას შეეხებოდა, მონაწილეებს „ქვეყნის ჩამოშლა” ასწავლეს.

ტრენინგების საქმეზე სუსმა გამოჰკითხა ორგანიზაცია CANVAS საქართველოს დირექტორი გიორგი მელაძე, თანადამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე და ორგანიზაციის სამი წევრი სერბეთიდან. სუსმა ასევე გამოჰკითხა USAID-ის საქართველოს ოფისის თანამშრომელი, ანა წურწუმია-ზურაბაშვილი, ფოტოგრაფი ვახო ქარელი, არტისტული კოლექტივის – „ბულიონის“ წევრი, ნატალია ვასაძე და დოკუმენტური კინოს ასოციაციის (DOCA) თანამშრომელი მარიამ ჩუტკერაშვილი. გამოკითხვაზე დაბარებულია რეჟისორი გიორგი სავანელი.

ისინი გამოკითხვის დეტალებზე ვერ ლაპარაკობენ, ვინაიდან უწევთ, ხელი მოაწერონ გაუთქმელობის პირობას.


2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 26-29 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი, სადაც მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”.

უწყების მტკიცებით, „ტრენერები იყვნენ სერბეთის მოქალაქეები: სინისა სიკმანიიელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც ახლა „კანვასის” წევრები არიან”.

სუსისვე განცხადებით, „26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. ოთხდღიან სწავლებას აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ”.

უწყების 18 სექტემბრის განცხადების თანახმად, „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით”.

USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაკმა სუსის პასუხად 30 სექტემბერს თქვა, რომ „კანვასის“ტრენინგი ფოკუსირებული იყო ხელოვნებისა და კულტურული სექტორის წარმომადგენლების დახმარებაზე, რათა ეფექტურად განხორციელდეს სექტორის დამოუკიდებლობის დაცვა”. მისი თქმით, USAID ძალიან ამაყია, რომ თანამშრომლობს „კანვასთან“.

რაც შეეხება იმას, თუ რა ტრენინგი ჩატარდა რეალურად 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით –  ეს იყო სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში.

ტრენინგის აღწერის თანახმად, “სასწავლო კურსმა კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომები გააცნო. კურსმა ერთმანეთთან დააკავშირა თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან”.

ღონისძიების დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ძალაუფლების მრუდი, არაძალადობრივი სტრატეგია და ტაქტიკა, კომუნიკაციის სტრატეგია.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მუშაობს უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და პასუხისმგებელი საზოგადოების ასაშენებლად. CANVAS-ის ოფისები გახსნილია ვაშინგტონში, კუალა ლუმპურშიმალეიში, თბილისში, იოჰანესბურგსა და ბელგრადში მიზნად ისახავს, მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიონ ადგილობრივ აქტივისტებს. ორგანიზაცია ემსახურება ინიციატივებს, რომლებიც ეყრდნობა არაძალადობრივი ბრძოლის და შემოქმედებითი აქტივიზმის პრინციპებს.

საქართველოში ფუნქციონირებს „კანვას საქართველო”. მას გიორგი მელაძე ხელმძღვანელობს.

18 სექტემბრის განცხადებაში უწყებამ დაასახელა გვარებიც, რომლებიც „რევოლუციური სცენარის” მიღმა დგანან: ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე,  გიორგი ლორთქიფანიძე და ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი. ასევე, ახსენა ორგანიზაცია „კანვასი“ – სუსი ამბობს, რომ „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით იყენებენ ორგანიზაცია „კანვასს“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.

ოპტორს”, რომელსაც სუსი ახსენებს, სერბული საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1998-2004 წლებში არსებობდა და თავის დროზე შთაგონება გახდა, მათ შორის, ქართული საპროტესტო მოძრაობისთვის „კმარა” და უკრაინული მოძრაობისთვის – „პორა“.

რაც შეეხება ორგანიზაცია „კანვასს“ (CANVAS), ის ბელგრადში სლობოდან ჯინოვიჩმა და სრჯა პოპოვიჩმა 2005 წელს დააფუძნეს იმ მიზნით, რომ „მხარი დაუჭირონ არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხელშეწყობაში”. „კანვასი” ამბობს, რომ შექმნის დღიდან მუშაობს დემოკრატიის მომხრე აქტივისტებთან 50-ზე მეტი ქვეყნიდან.

„ქართული ოცნების” ხელისუფლებასა და სუსს სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით მანამდეც არაერთხელ განუცხადებია, თუმცა, არცერთ შემთხვევაში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები და არ გაუსაჯაროებია გამოძიება და მისი შედეგები.