ლუკა სირაძეს ექვსსაათნახევარი, მათ შორის ღამის საათებში კითხავდნენ - ინსპექტორი

პუბლიკა

არასრულწლოვანთან გასაუბრება მიმდინარეობდა დაახლოებით ექვსსაათნახევარი და ის დაწესებულებაში იმყოფებოდა ღამის თორმეტის ნახევრამდე, ანუ მისი გამოკითხვის და მასთან გასაუბრების პროცესი გრძელდებოდა ხანგრძლივი ვადით და მათ შორის ღამის საათებში, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვინაიდან პოლიციაში არ არსებობს არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები, არასრულწლოვნის გამოკითხვა მიმდინარეობდა პოლიციაში ერთიან სივრცეში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები.

“პოლიციაში არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი ოთახები, მისი გამოკითხვა მიმდინარეობდა ერთიან სივრცეში. ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას, რომელიც სწავლობდა სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა პრობლემები. ასევე, გამომძიებელმა არასრულწლოვანს დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბერებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე, სხვა არასრულწლოვნები”,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ გამომძიებელმა არ იმოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, არასრულწლოვნები, რომლებიც იმყოფებოდნენ პოლიციაში განიცადეს ძლიერი სტრესი.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ იკვეთება თუ არა სხვა თანამშრომლების ქმედებაში კანონდარღვევა და ეს კანონდარღვევა არის დისციპლინური თუ აღწევს სსკ-ის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

_______________________________________________________________

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.