ლვივში სარკინიგზო ქვესადგურებზე რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს

პუბლიკა

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ვრცელდება ცნობები, რომ რუსებმა სარაკეტო იერიშები მიიტანეს სხვადასხვა ქალაქზე.

მათ შორის, პოლონეთის საზღვართან ახლოს მდევარე ქალაქ ლვივის მერმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ სარაკეტო თავდასხმა მოხდა მათ ქალაქზეც. ლვივში რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქვესადგურებზე, რომლებიც რკინიგზას ემსახურებოდა და შეაფერხეს მატარებლების მოძრაობა.

ლვივის მერის ანდრი სადოვის თქმით, სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ქვესადგური გამოვიდა მწყობრიდან, გაჩერდნენ მატარებლები და ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის ნაწილსაც.

როგორც CNN წერს, მათმა ჟურნალისტებმა აფეთქებების ხმა გაიგეს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ქალაქის ცენტრის სიახლოვეს.