მაღლაფერიძე 5 ივლისზე: „პირველი არხის“ ჟურნალისტი ყოველთვის იქნება წინა ხაზზე და იმიტომ მოხდა ის

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობაზე გამოცხადებულ კონკურსში მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მონაწილეობს. დღეს საბჭოს წევრობის მსურველებთან კომისიამ გასაუბრება გამართა.

ვასილ მაღლაფერიძეს გასაუბრებაზე საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, გიორგი იმედაშვილმა ჰკითხა, პოლიტიკური ძალების მხრიდან მედიაზე ზეწოლის შესახებ. იმედაშვილმა 5 ივლისის მოვლენებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ „პირველი არხის“ თანამშრომლებმა ძალიან ძლიერი დაზიანებები მიიღეს. მან მაღლაფერიძეს ჰკითხა, „თუ ფიქრობთ, რომ რაღაც არის შესაცვლელი, რათა საზოგადოებრივი მაუწყებელი დავიცვათ გნებავთ, პოლიტიკური ჯგუფების ჩარევისგან, გნებავთ, ასეთი ჯგუფების ჩარევისგან, მათი ზეწოლისგან და თქვენ თუ გაქვთ რამე ხედვა, როგორ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ?“.

ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ „ეს ამაზრზენი სიტუაცია საზოგადოებაში“ უნდა გამოასწორონ. მისივე თქმით, „პირველი არხის“ ჟურნალისტი ყოველთვის იქნება წინა ხაზზე და ის სამწუხარო ფაქტებიც ამიტომ მოხდა.

„პოლიტიკურ ჩარევაზე მე მაქვს პრეტენზია და სამეურვეო საბჭოც ნებისმიერ შემთხვევაში, როგორ იქნება ის დაკომპლექტებული, დარწმუნებული ვარ და მთელი კოლექტივი არის, პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ დღეს ვინმემ შეძლოს პოლიტიკური ჩარევა, ზეწოლა. რაც შეეხება ჟურნალისტებზე… ეს ჩვენ უნდა ჩვენს საზოგადოებაში გამოვასწოროთ ეს ამაზრზენი სიტუაცია. „პირველი არხის“ ჟურნალისტი ყოველთვის იქნება წინა ხაზზე, იქ, სადაც იქნება და იმიტომ მოხდა ის სამწუ… არა მხოლოდ ის, ჩვენი ჟურნალისტები ტყვიით დაჭრეს და ა.შ. რასაკვირველია, ყოველთვის წინა ხაზზე იქნება, ღმერთმა აშოროთ ყველაფერი, მაგრამ რაც შეეხება ზეწოლას, უნდა გითხრათ, რომ ამას გამოვრიცხავ ,პრაქტიკულად, ნებისმიერი მხრიდან… და ამაში მე ჩემს როლსაც ვხედავ. ვერ ვხედავ ვერანაირ ბერკეტს, როგორ შეიძლება მოხდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა და ეს მგონია ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. რომ არ მოგატყუოთ, მე არც იმ ასაკში ვარ, რომ თანამდებობრივი კარიერისთვის ვიღწვოდე და ახლა ეს მაინტერესებდეს. მე საზოგადოების წინაშე გპირდებით, რომ ეს ნამდვილად არ იქნება და ამას ჩემი განვლილი ბეგრაუნდიც მაძლევს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ [სტილი დაცულია].

მისივე თქმით, ზეწოლის სურვილი ბევრი მხრიდან არის ხოლმე და „არ მგონია ეს ვინმეს გაუვიდეს“.