„მაიმუნის ყვავილი“ არაა სხვა რესპირაციული ვირუსებივით გავრცელებადი, პანიკის საფუძველი არაა - გამყრელიძე

პუბლიკა

„მაიმუნის ყვავილი“ არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსული დაავადებები, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პირველს არხს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა, რაც გამყრელიძის თქმით, არ არის პანდემია, ეს არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში.

„ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. საკმაოდ დიდი დისკუსია იყო, გამოცხადებულიყო თუ არა. ივნისში ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კომიტეტმა ეს საკითხი განიხილა და მაშინ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გამოცხადებულიყო. მაშინ იყო შემთხვევების რაოდენობა 3 000-მდე და 47 ქვეყანაში.

ამ ერთი თვის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, 16 000-ზე მეტია 75 ქვეყანაში. იყო ისევ ორი დღის წინ ამ კომიტეტის სხდომა, სადაც კონსენსუსი ვერ მოხერხდა. ნაწილი გამოცხადებას ემხრობოდა, ნაწილი არა. შემდგომ ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცხადების შესახებ. მისი დასაბუთება გახლავთ ის, რომ ეს არ არის პანდემია. არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა, დიაგნოსტიკა, ქვეყნების შესაძლებლობა და ეს გადაწყვეტილება მიიღეს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთი შემთხვევა ივნისში დაფიქსირდა, პაციენტს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა და ის გამოჯანმრთელების შემდგომ კლინიკიდან გაწერეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო ჯანდაცვის მიმართულებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს ჯანმოს ყველაზე მაღალი კლასიფიკაციაა შემთხვევების მატების შემთხვევების დროს.

ჯანმოს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, 75 ქვეყანაში 16 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. დაფიქსირდა გარდაცვალების ხუთი შემთხვევაც ვირუსის გავრცელებასთან ერთად.

ამ დროისთვის, „მაიმუნის ყვავილის“ პარალელურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მხოლოდ სხვა ორი მიმართულებით აქვს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა – ერთი კორონავირუსის პანდემიის გამო და მეორე პოლიომიელიტის გავრცელების მთლიანად აღმოფხვრის მიზნით.

LB loan image desktop LB loan image mobile