მამუკა ხაზარაძემ ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ბილეთი უყიდა

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე ბილეთი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით – განუცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ეს არის პასუხი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, რომ ის ბიუჯეტის ხარჯზე დააფინანსებს 35-ევროიან ბილეთებს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება სამუშაო საზღვარგარეთ. ხაზარაძის თქმით, ივანიშვილს შეუძლია დატოვოს ქვეყანა.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ივანიშვილის უსირცხვილო განცხადება და დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც მან თქვა, რომ ბიუჯეტის ხარჯზე დააფინანსებს 35-ევროიან ბილეთებს ქუთაისის აეროპორტიდან და მოსახლეობას, იმ ადამიანებს, ვისაც ასე ძალიან სჭირდება სამუშაო ადგილი, ნორმალური, ღირსეული ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში, გაუშვებს სხვა ქვეყანაში და დაეხმარება ჩვენს ისედაც დემოგრაფიულად კლებად ერს, ისედაც ძალიან მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას უცხოეთში დასაქმებაში. ამას აკეთებს ჩვენი ბიუჯეტით, ჩვენი გადასახადებით და პრაქტიკულად ჩვენს მოსახლეობას ეუბნება – საქართველო ქართველების გარეშე.

მე გადავწყვიტე და ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე ბილეთი. ეს არის „აეროფლოტის“ ბილეთი, გამოწერილია ბიძინა ივანიშვილის სახელზე. ეს არის თბილისი-მოსკოვის მიმართულება. ეს არ არის 35-ევროიანი ბილეთი, ეს არის ბიზნესკლასი, იმიტომ, რომ შეჩვეულია კარგ ცხოვრებას და მას შეუძლია, დატოვოს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 27 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ემიგრანტებისა და უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანია, რომელიც ქვეყნიდან გასულია და პლუს, ქვეყნის შიგნით უმუშევარია. საქართველოში კი 2 მილიონ სამუშაო ადგილის შექმნას ათწლეულები დასჭირდება. ამიტომ, მოკლევადიან პერიოდში მას გამოსავლად ამ ადამიანების გადამზადება და საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმება ესახება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმის განხილვა.

LB loan image desktop LB loan image mobile