„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელზე, მზია ამაღლობელზე, რომელიც 23 დღეა შიმშილობს ამბობს, რომ მან ჭამა უნდა დაიწყოს და „დამთავრდება ყველაფერი“.
მდინარაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, „თქვენ ელოდებით, რომ რაღაც პოზიტიური შედეგებით დასრულდება მისი შიმშილობა? თქვენ რას ელოდებით?“ რაზეც მდინარაძემ თქვა, რომ „შიმშილობა, საერთოდ, სრულდება სიკვდილით და ამისკენ მოუწოდებენ“.
„რაც შეეხება ქალბატონ მზიას, ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, რომ თითქოს დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს, გასაგებია შიმშილობა, გასაგებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი, ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი. სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არც ერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
ეს არის მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება. კარგად თუ უნდა იყოს, შიმშილისკენ და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის თავს მიხედოს და ჯანმრთელობას მიხედონ, შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანი, ნებისმიერ შემთხვევაში“, – თქვა მდინარაძემ.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 23-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.