მარინა ოვსიანნიკოვას სახლში რუსმა სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს

პუბლიკა

რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის, მარინა ოვსიანნიკოვას სახლი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს. როგორც რუსულ დამოუკიდებელ მედიაგამოცემა OVD-Info-ს ოვსიანნიკოვას ადვოკატმა დმიტრი ზახვატოვმა უთხრა, მათთვის უცნობია, რას ეძებდნენ სამართალდამცველები.

ზახვატოვის თქმით, სამართალდამცველები არ დაელოდნენ მის მისვლას და ოვსიანნიკოვას სახლში შეიჭრნენ. ჩხრეკა კი სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, რომელიც რუსული შეიარაღებული ძალების შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მუხლით მიმდინარეობს.

ზახვატოვი ამბობს, რომ მას არ მიუღია ოვსიანნიკოვას მიმართ სისხლის სამართლის წესით საქმის აღძვრის შესახებ დადგენილება, მაგრამ ჩხრეკის შემდეგ ვარაუდობს, რომ საქმე აღიძვრება მის მიერ გამართული ერთკაციანი აქციის გამო.

ივლისში, კრემლის მახლობლად, მარინა ოვსიანნიკოვამ უკრაინაში მიმდინარე ომი გააპროტესტა. „პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები – ფაშისტები“ – ეწერა ოვსიანნიკოვას ბანერზე, ფეხებთან კი დახოცილი უკრაინელი ბავშვების სიმბოლოდ წითლად შეღებილი თოჯინები ეწყო.


მარინა ოვსიანნიკოვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე სამჯერ დააჯარიმეს. თავდაპირველად, ის 14 მარტს „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვებისას საეთერო სტუდიაში შეიჭრა და პირდაპირ ეთერში გაშალა ბანერი, რომლითაც ომს აპროტესტებდა.

ოვსიანნიკოვა ამის გამო დააკავეს, მომდევნო დღეს მის მიერ წინასწარ ჩაწერილი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის ნანობდა რუსული პროპაგანდის ნაწილად ყოფნას და პროსახელისუფლებო მედიაპოლიტიკის გატარებას, რასაც რუსული „პირველი არხი“ ეწევა.

ოვსიანნიკოვა ასევე დააკავეს და შემდეგ დააჯარიმეს რუსი პოლიტიკოსის ილია იაშინის სასამართლო პროცესზე წარმოთქმული სიტყვის გამო, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს ასევე რუსეთის არმიის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელების საქმეზე. ოვსიანნიკოვას ჯარიმა „რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის“ დაუწესეს.

ამავე მიზეზით დააჯარიმეს ოვსიანნიკოვა რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე დაწერილი პოსტი გამო.

რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება კი სისხლის სამართლის წესით დასჯადი რუსეთში მარტში გახდა. მუხლს, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში შეჭრის გამო მათდამი კრიტიკის ჩასახშობად იყენებს.