მარინა ოვსიანნიკოვას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანნიკოვას მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დახურულ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობა შეუფარდა. ოვსიანნიკოვას სასამართლო განხილვების დაწყებამდე შინაპატიმრობა 9 ოქტომბრამდე მოუწევს.

რუსეთში მარინა ოვსიანნიკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ განზრახ საჯაროდ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მუხლითაა აღძრული და ბრალი 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ივლისში, კრემლის მახლობლად, მარინა ოვსიანნიკოვამ უკრაინაში მიმდინარე ომი გააპროტესტა. „პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები – ფაშისტები. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდე?“ – ეწერა ოვსიანნიკოვას ბანერზე, ფეხებთან კი დახოცილი უკრაინელი ბავშვების სიმბოლოდ წითლად შეღებილი თოჯინები ეწყო.

ამ ერთკაციანი აქციის გამო დაიწყო გამოძიება ოვსიანნიკოვას წინააღმდეგ. მარინა ოვსიანნიკოვა დაკითხეს და 10 აგვისტოს მისი სახლი გაჩხრიკეს.

როგორც რუსული დამოუკიდებელი მედიაგამოცემა „მედიაზონა“ წერს, მარინა ოვსიანნიკოვამ სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთი საპროტესტო პლაკატის გაშლა მოახერხა. „დაე, თქვენ ღამით დაგესიზმროთ დახოცილი ბავშვები“, – ეწერა „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის პლაკატზე.


მარინა ოვსიანნიკოვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე სამჯერ დააჯარიმეს. თავდაპირველად, ის 14 მარტს „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვებისას საეთერო სტუდიაში შეიჭრა და პირდაპირ ეთერში გაშალა ბანერი, რომლითაც ომს აპროტესტებდა.

ოვსიანნიკოვა ამის გამო დააკავეს, მომდევნო დღეს მის მიერ წინასწარ ჩაწერილი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის ნანობდა რუსული პროპაგანდის ნაწილად ყოფნას და პროსახელისუფლებო მედიაპოლიტიკის გატარებას, რასაც რუსული „პირველი არხი“ ეწევა.

ოვსიანნიკოვა ასევე დააკავეს და შემდეგ დააჯარიმეს რუსი პოლიტიკოსის ილია იაშინის სასამართლო პროცესზე წარმოთქმული სიტყვის გამო, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს ასევე რუსეთის არმიის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელების საქმეზე. ოვსიანნიკოვას ჯარიმა „რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის“ დაუწესეს.

ამავე მიზეზით დააჯარიმეს ოვსიანნიკოვა რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე დაწერილი პოსტი გამო.

რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება კი სისხლის სამართლის წესით დასჯადი რუსეთში მარტში გახდა. მუხლს, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში შეჭრის გამო მათდამი კრიტიკის ჩასახშობად იყენებს.