მარიუპოლის ქვედანაყოფებთან კავშირი სტაბილურია, გმირულად იბრძვიან - ზალუჟნი

პუბლიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, მარიუპოლში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან კომუნიკაცია სტაბილურია.

„გრძელდება მარიუპოლის დაცვა. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან, რომლებიც გმირულად იბრძვიან, კავშირი სტაბილურია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თავდაცვითი ოპერაციების წარმართვა საჯარო განხილვის თემა არ არის. ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებელსა და შეუძლებელს, რათა მოვიგოთ და გადავარჩინოთ პერსონალისა და მოქალაქეების სიცოცხლე ყველა მიმართულებით“, – აცხადებს ზალუჟნი.


დღეს უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის სახელით გავრცელდა განცხადება, რომ, შესაძლოა, ეს მათი ბოლო ბრძოლა იყოს, რადგან ტყვია-წამალი უთავდებათ. ამავე განცხადებაში ეწერა, რომ საზღვაო ბრიგადა 47 დღე იცავდა მარიუპოლს, თუმცა რესურსები ამოწურვადია და შეუძლებელია უკრაინამ ქალაქი შეინარჩუნოს.

მოგვიანებით 36-ე დანაყოფის გვერდზე გავრცელებულ განცხადებას ყალბი უწოდა მარიუპოლის მთავრობის წარმომადგენლებმა.