აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ფილიპინებში, ASEAN-ის (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი დასრულების შესაძლო გზები იყო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს აშშ-რუსეთის ურთიერთობები და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობა.
რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი კვლავ მზად არის, სამშვიდობო პროცესში მონაწილეობა მიიღოს, თუ ამის შესაძლებლობა შეიქმნება, თუმცა, მისივე თქმით, რომ ბოლო თვეებში ეს ძალისხმევა გარკვეულწილად შემცირებული იყო.
საერთაშორისო მედიის ცნობით, რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს რუსეთთან კომუნიკაცია სჭირდება, მიუხედავად სერიოზული უთანხმოებებისა. მისი თქმით, აშშ და რუსეთი მსოფლიოს ორი უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოა და მათ შორის დიალოგი აუცილებელია.
„ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა, გულწრფელი საუბარი. შეერთებული შტატები, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, მზად არის, კონსტრუქციული როლი შეასრულოს უაზრო ომის დასრულებაში და ჩვენ ამის გასაკეთებლად მზად ვართ,“ – თქვა რუბიომ.
რუბიომ შეხვედრის შემდეგ ასევე თქვა, რომ კონფლიქტმა მძიმე შედეგები გამოიწვია და ყურადღება გაამახვილა მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ დარტყმებზე. მისი თქმით, როგორც რუსეთს, ისე უკრაინას აქვთ ომის დასრულების ინტერესი, თუმცა მთავარი გამოწვევა კვლავ რჩება ისეთი შეთანხმების პოვნა, რომელსაც „ორივე მხარე მიიღებს“.
„ვფიქრობ, ეს ძალიან სისხლიანი ომია. ვფიქრობ, ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს მისი დასრულების სურვილი. სწორედ ეს არის მთავარი სირთულე – ისეთი დასასრულის პოვნა, რომელსაც ორივე მხარე დაეთანხმება. ჩვენ ვცადეთ და გავაგრძელებთ მცდელობას, რათა ვიპოვოთ შუალედური გზა, რომელიც ამის მიღწევას შესაძლებელს გახდის,“ – თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სერგეი ლავროვმა შეხვედრაზე გააკრიტიკა უკრაინისთვის დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდება და განაცხადა, რომ მოსკოვი კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის მზად არის.
მან ასევე თქვა, რომ რუსეთი ერთგულია იმ შეთანხმებებისა, რომლებიც ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული.
ამავე დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოაგვაროს კონფლიქტი, თუმცა კვლავ გააკრიტიკა ევროპული ქვეყნები, რომლებიც, მისი თქმით, რუსეთის „სტრატეგიულ დამარცხებას“ ცდილობენ.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ASEAN-ის შეხვედრაზე სხვა საერთაშორისო კრიზისებიც განიხილეს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მზარდი დაპირისპირება.
რუბიომ შეხვედრები გამართა ასევე ჩინეთისა და ინდოეთის წარმომადგენლებთან. ჩინეთთან მოლაპარაკებების დროს განხილული იყო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთსა და ფილიპინებს შორის მომხდარი ახალი ინციდენტი, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.
ASEAN-ის ქვეყნები ცდილობენ, რეგიონული დაძაბულობის შემცირებას და ჩინეთთან შეთანხმების მიღწევას, რომელიც სადავო საზღვაო ტერიტორიებზე შესაძლო კონფლიქტის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.