მართლმსაჯულება, განათლება, ბიუროკრატიის შემცირება - რაზე შეთანხმდა ოპოზიცია ბორჯომში

პუბლიკა

პარტია „გირჩის” ინიციატივით და NDI- ის ორგანიზებით ბორჯომში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: „გირჩი”, „ევროპული საქართველო”, „ნაციონალური მოძრაობა”, „სტრატეგია აღმაშენებელი”, „ერთიანი საქართველო”, „ლელო” და „მოქალაქეები”;

ისნის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის კანდიდარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, შეხვედრაზე ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა საკითხი განიხილეს, ზოგ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა ძირეულ პრინციპებზე შეთანხმდნენ.

როგორც „პუბლიკას” „გირჩში” განუცხადეს, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ შემდეგ საკითხებზე:

მართლმსაჯულება:

შსს

  1. პოლიცია უნდა იყოს დეცენტრალიზებული და შსს მინისტრს ჩამოსცილდეს საპოლიციო ფუნქციები.
  2. თვითმართველობის ფარგლებში, აირჩევიან პოლიციის შერიფები, რომელიც პასუხისმგებლები იქნებიან ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა რომელთა მასშტაბიც ცდება მათი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს.
  3. უნდა შეიქმნას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიურო.

პროკურატურა

  1. ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე დაზარალებულს უფლება აქვს აირჩიოს, რომ მისი ინტერესები სასამართლოში სახელმწიფო პროკურორის ნაცვლად დაიცვას ადვოკატმა, რომელიც ასეთ შემთხვევაში ასრულებს ბრალმდებლის ფუნქციასაც.
  2. პროკურატურას უნდა ჩამოსცილდეს გამოძიების, მასზე ზედამხედველობის და უნდა დარჩეს სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება.
  3. შეიქმნას ანტიკორიფციული პროკურატურა.

სუსი

  1. ქვეყანაში არ იარსებებს პოლიტიკური პოლიცია.
  2. სუსი უნდა დაიშალოს და მისი ფუნქციები გადანაწილდეს რამდენიმე ორგანოზე.
  3. შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო.

რესტიტუცია

  1. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, უნდა დარეგისტრირდეს მფლობელის საკუთრებად.
  2. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ფაქტობრივად სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია უნდა დარეგისტრირდეს სოფლის/თემის საკუთრებად.
  3. სახელმწიფო ქონება და წიაღისეული, გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა, ნაწილდება საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად.

მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირება:

  1. არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე მთავრობის ზომა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს.
  2. ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში უნდა იქნას შემუშავებული ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები.

განათლება

  1. კერძო განათლების სფეროს სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლება.
  2. საჯარო სკოლების ფინანსური და მმართველობითი ავტონომია.