მდინარაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ ჩავერთოთ იმ ომში, სადაც, სამწუხაროდ, ყველაფერი გადაწყვეტილი იქნება

პუბლიკა

მმართველი პარტიის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი პარტიის პოზიცია, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს ომში, სადაც წინასწარ ყველაფერი გადაწყვეტილი იქნება. ის ჩარტერული რეისით საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ქვეყნის ომში ჩათრევის ტოლფას მოვლენად აფასებს.

„რაც შეეხება იმას, რომ ეს მოხდა საქართველოსთან მიმართებაში, მაგალითად, და არა მოლდოვასთან, არა სომხეთთან, აზერბაიჯანთან, პირდაპირ მიანიშნებს, რომ არსებობს მცდელობა, საქართველო ჩაერთოს ომში. თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ ახლა ამ ომში უნდა ჩავერთოთ, მაშინ ეს სხვა საკითხია და თუ ჩვენი პოლიტიკა სწორია, რომ ახლა ომში არ უნდა ჩაერთოს საქართველო, მაშინ, ალბათ, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია.

არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ქვეყანაა, რომლის 20% ოკუპირებულია და ოკუპანტის ჯარი ცენტრალურ მაგისტრალთან დგას. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ან ასე, ან ისე, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება და ხალხის აზრია ის, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს ისეთ ომში, სადაც წინასწარ გეცოდინება ყველაფერი, მაშინ ყველა დანარჩენში ვართ მართლები.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

მან ასევე გააკრიტიკა ოპოზიცია და აღნიშნა, რომ ისინი არიან სიტუაციური თანამოკავშირეები თავიანთი ქვეყნის საწინააღმდეგოდ.

„ამ შემთხვევაში ვერ ფიქრობ ამ პიარზე, რომელსაც ის ხალხი აწარმოებს, ომიდან რომ გარბოდა. ამ შემთხვევაში ვერ ფიქრობ იმაზე, როგორ უღალატეს თავის დროზე ამ ქვეყანას. ამ შემთხვევაში მთავარია, მიიღო გადაწყვეტილებები, როდესაც დადიხარ დანის პირზე, ბეწვის ხიდზე, რომელიც არის ისტორიულად სწორი და შენი ხალხისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ან ასე, ან ისე. მაშინ პირდაპირ თქვან, რომ დადიან და რაღაცებს მოგვიწოდებენ ქვეყნის შიგნით. ისინი არიან სიტუაციური თანამოკავშირეები თავიანთი ქვეყნის საწინააღმდეგოდ.

ქვეყნის გარეთ ადამიანს (ან ადამიანებს) შეიძლება ბუნებრივი ინტერესი ჰქონდეს იმისა, რომ სხვა ქვეყანა ჩაერთოს ომში, მათ შორის, ისეთი ქვეყანა, როგორიცაა ოკუპირებული საქართველო. ეს შეიძლება გარედან ბუნებრივი ინტერესი იყოს ვიღაცის. იმ კოორდინაციასაც თავი რომ დავანებოთ, თორემ კიდევ ვიმეორებ, თუ საბრძოლველი იქნება, ჩვენზე წინ ვერ გააკეთებს ვერანაირ რეაქციას, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ ჩავერთოთ იმ ომში, სადაც წინასწარ იქნება გადაწყვეტილი ყველაფერი, სამწუხაროდ.“ – განაცხადა მდინარაძემ.

შესწორება:

თავდაპირველად სათაური იყო:

მდინარაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ ჩავერთოთ იმ ომში, სადაც, სამწუხაროდ,  ყველაფერი გადაწყვეტილია

ჩასწორების შემდეგ: 

მდინარაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ ჩავერთოთ იმ ომში, სადაც, სამწუხაროდ, ყველაფერი გადაწყვეტილი იქნება