მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ასეთი შეურაცხყოფისთვის - ნაკაიძე

პუბლიკა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება ისლამოფობიის გაღვივებას ემსახურება და მან ბოდიში უნდა მოიხადოს ამისთვის.

„მამუკა მდინარაძე „უცხური გავლენის აგენტის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირებს თითქოსდა ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმს.  ამ განცხადებით „ქართული ოცნება“, კერძოდ, მდინარაძე, მართლაც და რუსული კანონის გატანის მცდელობით, მიზანმიმიმართულად ეწევა საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივებას. რას ნიშნავს რადიკალური ისლამი? თუ არსებობენ ადამიანები ქვეყანაში, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებს სჩადიან ან ვინმეს მოუწოდებენ, რას აკეთებს ქვეყნის უსაფრხთოების სამსახური.

მდინარაძის ეს განცხადება ემსახურება ქვეყანაში ისლამოფობიის გაღვივებას და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის დისკრედიტაციას. სწორედ ეს არის ჩვენი შიში ამ კანონის მიღების შემდეგ – ქვეყნის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციები გამოაცხადონ აგენტებად და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეზღუდონ მათი საქმიანობა. მამუკა მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ასეთი შეურაცხყოფისთის“, – თქვა ტარიელ ნაკაიძემ.

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ორი დღის წინ პარლამენტში მედიასთან საუბრისას თქვა: „რადიკალური ისლამიზმის რაღაც მიმდევრობებსა და კონცეფციებს რომ აფინანსებენ ამ ქვეყანაში და კაციშვილმა არ იცის, საიდან რა ფული შემოდის, რა ფინანსდება, ამაზე რატომ არ ვლაპარაკობთ“.