მძიმე მდგომარეობაში მყოფი ყველაზე ახალგაზრდა, 42 წლის, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია - რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ბრინფინგზე კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, გუშინ პირველ საუნივერსტეტო კლინიკაში PCR მეთოდოლოგიით კვლევები ჩაუტარდათ მედპერსონალის წარმომადგენლებს და ვირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა.

ლევან რატიანის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 53 კორონავირუსით ინფიცირებული პირი მკურნალობს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკაში მყოფი ყველაზე ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 71 პაციენტი. 53 დადასტურებული შემთხვევაა. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებულ პაციენტებთან დინამიკა დადებითია. რაც შეეხება ქალბატონებს, დღეს იგზავნება პირველ ეტაპზე ტესტები, პროტოკოლით ხვალ განმეორდება და თუ მოვა უარყოფითი პასუხი, შემდეგ დატოვებენ კლინიკას.

ასევე მინდა გითხრათ, რომ პაციენტი, რომელიც 42 წლისაა და ჩვენ კლინიკაში ყველაზე ახალგაზრდა და მძიმე პაციენტი იყო, ახლა მისი მდგომარეობა მეტ-ნკალებად სტაბილურია, ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს CPAP ვენტილაციის საშუალებით.

რაც შეეხება ორსულ ქალბატონებს, ერთ მათგანთან 24 კვირის ორსულთან გავიდა 14 დღე და ლუგარის ლაბორატორიაში ტესტი გაიგზავნება. დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი. მეორე შემთხვევა, 8 კვირის ორსულთან მისი და ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს. რაც შეეხება ბიჭუნას, მასთან არანაირი უარყოფითი კლინიკა არ გაგვაჩნია. ბავშვი ჯანმრთელია და Cov  ვირუსის დამახასითებელი კლინიკური მაჩვენებლები არ ვლინდება”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, კლინიკას დღეს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

დღეის მდგომარეობით საქართველოში 208 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დღეს სულ 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 5 ბათუმში, 2 ქუთაისში და დანარჩენი თბილისში.